“ზამთარი მოდის და უკანალის გაციების ეშინიათ “გმირული” ევროპული ცივილიზაციის ნაშიერებს”
ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილის ინფორმაციით, ჰოლანდიელებმა მალაიზიური თვითმფრინავის “777-ის“ ჩამგდების თაობაზე მომუშავე საგამოძიებო კომისიის პირველადი დასკვნა გამოაქვეყნეს. ამის შესახებ მასხარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. მისივე ცნობით, დასკვნაში რუსეთი არაა დადანაშაულებული, რაც მასხარაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოჩენილი არაეფექტური ნაბიჯების ფონზე კიდევ უფრო უარყოფით განწყობას იწვევს.
“ჰოლანდიელებმა მალაიზიური თვითფრინავის ჩამოგდების თაობაზე მომუშავე საგამოძიებო კომისიის პირველადი დასკვნა გამოაქვეყნეს, რომლითაც ჯერჯერობით არათუ რუსეთი არაა დადანაშაულებული, არამედ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტიდან გასროლილი ჭურვით რომ არის ჩამოგდებული ბოინგი, იმაზეც არ არის საუბარი.
ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერებმა ანტირუსული სანქციების მესამე პაკეტი კი შეიმუშავეს, მაგრამ ისე, სათავისოდ. როგორც შტაინმაიერმა განაცხადა, ჯერ დაელოდებიან მინსკის შეთანხმების შესრულების დინამიკას, თუ რუსეთი ჯარს გაიყვანს დონბასიდან, მაშინ, შესაძლოა, სანქციები არც კი მიიღონ. ანუ ის ფაქტი, რომ რუსეთმა გაბედა და ჯარი შეიყვანა, ის ფაქტი, რომ რუსეთისგან პროვოცირებული დამპყრობლური ომის შედეგად თვითმფრინავის სამასამდე მგზავრი დაიაღუპა, თითქოს არაფერს ნიშნავს, თუ რუსეთი ჯარს გაიყვანს, მაშინ ახალი სანქციებით აღარ დასჯიან. მოკლედ ზამთარი მოდის და უკანალის გაციების ეშინიათ “გმირული” ევროპული ცივილიზაციის ნაშიერებს. იცის ეს ყოველივე პუტინმა და იცინის. იცის პუტინმა რუსული გაზით შემთბარი ევროპული “ლიბერალური დემოკრატიის” “ღირსების” ფასი. სამწუხაროდ“, – წერს სიმონ მასხარაშვილი.