შალვა პაპუაშვილი: ხათუნა სამნიძეც არ აკლებდა დამაზიანებელ საუბრებს საქართველოსთან დაკავშირებით

„ხათუნა სამნიძის ჯგუფის წევრი გიორგი ვაშაძეა. ისიც და მისი სხვა კოლეგებიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩართული იყვნენ იმაში, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით დამაზიანებელ საუბრებს ხათუნა სამნიძეც არ აკლებდა.

“სწორედ მათი მცდელობების შედეგი იყო, რომ შარშან ივნისში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და მაშინ, მათი მცდელობები წარმატებული იყო. როგორც ჩანს, ახლა ხედავენ და გრძნობენ, რომ მათი ანტიქართული გემი იძირება. ერთი ჯგუფი ცდილობს, რომ ამ გემიდან გაიქცეს, რომელიც იძირება, მეორე ნაწილი ცდილობს, რომ იქნებ, რამენაირად, ანტიქართული განწყობების თუ ანტიქართული პოლიტიკის გემი რამენაირად გადაარჩინონ. ბოლო მცდელობები აქვთ, რომ რამენაირად ჩაშალონ საქართველოს წარმატება. ოპოზიციაში ორი ჯგუფია. ერთი ჯგუფი, რომელსაც დღემდე იმედი არ აქვს გადაწურული, რომ ჩაშლის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესს და მეორე ჯგუფია, რომელიც ხედავს, რომ გემი იძირება და ახლა ცდილობს,  ეს გემი დატოვოს. ეგონათ, რომ გემი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მყარად მიცურავდა და ამ გემში ძალიან კომფორტულად იყვნენ. ხათუნა სამნიძეც არ აკლებდა დამაზიანებელ საუბრებს საქართველოსთან დაკავშირებით და შეხვედრების დროს ღიად საუბრობდა იმაზე, თუ როგორი ცუდი ქვეყანა ჰყავს ქვეყანას და თურმე, საქართველოსთვის სტატუსი მთა-გორისა და მინდორ-ველის გამო რომ უნდა მისცენ, ახლა ხედავენ, რომ ეს გემი იძირება და ცდილობენ, გემიდან გაიქცნენ და თავს უშველონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები