თბილისის მერი, კახა კალაძე „იმედის კვირაში“ „გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდის“ დონორების შესახებ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
„ნუ გვიკვირს ასეთი ქმედებები მათი მხრიდან. ეს ადამიანები ცდილობენ, ყველანაირი ზიანი მიაყენონ ქვეყანას – შემოიტანონ დაპირისპირება, მოაწყონ რევოლუციები, განახორციელონ ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდით. ნუ გვიკვირს. ისინი ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერს გააკეთებენ. როგორ უნდა იკადრო პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკოსმა და მთავრობამ ისეთი რამე, რასაც ესენი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს? დღესაც იმავეს აგრძელებენ. დღესაც ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, შემოიტანონ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავინ არაფერი გამოუვა. ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, აქციებზე დაკავებულ აქტივისტების ნაცვლად, რომლებსაც სასამართლომ კანონდარღვევისთვის ფინანსური სანქცია დააკისრა, ჯარიმებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებული ფონდი იხდის. „იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ, ჯამურად, ადმინისტრაციულ ჯარიმებში უკვე 30 ათას ლარზე მეტია გადახდილი.