მედიის ცნობით, ისრაელმა უსაფრთხოების გამო, თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია
ისრაელმა უსაფრთხოების გამო, თურქეთიდან ყველა დიპლომატი გაიწვია. ამის შესახებ The Times of Israel-ი ორ თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი თურქეთში ისრაელის დიპლომატიური მისიების წინ არსებულ საპროტესტო ტალღას მოჰყვა, სადაც მომიტინგეებმა ანკარაში ელჩის რეზიდენციაზე შტურმის მიტანა სცადეს.
ოფიციალური პირების თქმით, დიპლომატებმა, მათ შორის ელჩმა ირიტ ლილიანმა უკვე დატოვეს თურქეთი. მათი მტკიცებით, დიპლომატებმა ქვეყანა უსაფრთხოების გამო დატოვეს და აღნიშნული გაწვევა პოლიტიკური ხასიათის არ ყოფილა.
ისრაელური მედიის ინფორმაციით, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს იორდანიაში, მაროკოსა და ბაჰრეინში ისრაელის საელჩოების თანამშრომლებმა.
ისრაელმა მიმდინარე კვირის დასაწყისში გაფრთხილება გამოაქვეყნა და შექმნილი ვითარების ფონზე თავის მოქალაქეებს თურქეთის დატოვებისკენ მოუწოდა.