საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცვლილებები შეფასებულია, როგორც „ანტიევროპული კანონი“.
„საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.