“რუსეთის და ირანის ოფიციალური ხელისუფლებები “ჰამასის” მიმართ გამოხატულ სიმპათიას არც მალავენ”- ვახტანგ მაისაია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე

“ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვა , სავარაუდოდ, ივნისში დაიწყო. როგორც ჩანს, მისი კონსპირაცია საკმაოდ კარგად ხდებოდა. ამ ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობას სამი მთავარი აქტორის წარმომადგენლები იღებდნენ. ესენია ირანი, სირია და რუსეთი. ეს უკვე აშკარაა. რუსეთის და ირანის ოფიციალური ხელისუფლებები “ჰამასის” მიმართ გამოხატულ სიმპათიას, მის მიმართ არსებულ მხარდაჭერას არც მალავენ. ასადის რეჟიმზე საუბარიც ზედმეტია”- ამის შესახებ უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრებისას განაცხადა.

მაისაიამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

“ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. როგორ განვითარდება მოვლენები არავინ იცის, ფაქტობრივად, არაპროგნოზირებადი ვითარებაა. მინდა, აღვნიშნო, რომ “პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ”, რომელიც პალესტინელი ხალხის ინტერესებს, პალესტინის პოლიტიკური ავტონომიის ხელმძღვანელობას რეალურად წარმოადგენს, “ჰამასის” და “ისლამური ჯიჰადის” ქმედებებისგან, ფაქტობრივად, დისტანცირება გააკეთა, რაც პოზიტიური მოვლენაა. თუმცაღა, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, რადგან “ჰამასის” ჯიჰადისტური ტერორისტული დაჯგუფება ცდილობს, ისრაელის არმია “ცახალი” ქალაქურ ზონებში ჩაითრიოს, ასევე აიძულოს, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა განახორციელოს. “ჰამასისთვისაც” მისაღებია რაც უფრო მეტი პალასტინელი ბავშვი, ქალი დაიღუპება. ისინი თავიანთ თანამემამულეებსაც კი არ ინდობენ. ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტებს ტყვედ ისრაელისა და სხვა ქვეყნების დაახლოებით 200-მდე მოქალაქე ჰყავთ. ისინი მიწისქვეშა ქალაქში არიან გადაყვანილები, რომელიც ღაზის სექტორის ქვემოთ არსებობს. ბუნებრივია, “ჰამასი” ასეთი ტიპის სამხედრო აქციისთვის ემზადებოდა , ეს სამხედრო თავდასხმა იყო. ტერორისტულ აქტს არ წარმოადგენდა. მინდა, ამას ხაზი კარგად გავუსვა. ტერორისტულ აქტსა და სამხედრო თავდასხმას შორის სერიოზული განსხვავებაა. ამიტომაც იყო, რომ ისრაელის სპეცსამაახურებს სერიოზული ფიასკო მოუვიდათ. ისრაელის სპეცსამსახურები, სამხედრო დაზვერვა, ფაქტობრივად, ტერორისტული ქმედებების აღსაკვეთად ემზადებოდნენ, მაგრამ სამხედრო თავდასხმა მოხდა, რასთან დაკავშირებითაც ორი თვისობრივად განსხვავებული მიდგომაა. ეს ისრაელის სპეცსამაახურებისთვის წარუმატებლობას წარმოადგენს. მათ ასეთი მსხვილი ტიპის სამხედრო ოპერაციის დეტალები უნდა გაეთავალათ, მოეძიებინათ. ამ ოპერაციის დაგეგმვა , სავარაუდოდ, ივნისში დაიწყო. როგორც ჩანს, მისი კონსპირაცია საკმაოდ კარგად ხდებოდა. ამ ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობას სამი მთავარი აქტორის წარმომადგენლები იღებდნენ. ესენია ირანი, სირია და რუსეთი. ეს უკვე აშკარაა. რუსეთის და ირანის ოფიციალური ხელისუფლებები ჰამასის მიმართ გამოხატულ სიმპათიას, მათ მიმართ არსებულ მხარდაჭერას არც მალავენ. სირიის ასადის რეჟიმზე საუბარიც ზედმეტია. რუსეთს, რა თქმა უნდა, თავის გეოსტრატეგიული ინტერესები ჰქონდა. პირველ რიგში , ის რომ უკრაინის საინფირმაციო თემა გადაეფარა. მეორე – უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების თემამ უკვე, ფაქტობრივად, შეიძლება , უკანა პლანზე გადაინაცვლოს და ბუნებრივია, ამერიკას ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა მოუწევს. არსებობს 1952 წელს დადებული სამხედრო ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულება, ასევე არის 2003 წელს დადებული , შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმება, მანამდე საინფორმაციო უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულება და კიდევ ერთი ხელშეკრულება იყო, რომელიც სამხედრო- ტექნიკურ ურთიერთობებს არეგულირებს. ანუ, 4 ფუნდამენტური ხელშეკრულება არსებობს, რომლებიც ამერიკა – ისრაელის ურთიერთობას არეგულირებს. “შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ” შეთანხმება ითვალისწინებს, რომ აშშ-ს სამხედრო კონტინგენტს შეუძლია, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ისრაელის ტერიტირიაზე განთავსდეს და პირიქითაც. ამერიკელებმა, შესაძლოა, აღნიშნული პრივილეგია ნაწილობრივ გამოიყენონ. 2 ავიამზიდი და 2 საზღვაო ჯგუფი უკვე ხმელთაშუა ზღვაში გაუშვეს ,რათა საჭიროების შემთხვევაში ისრაელს დახმარება აღმოუჩინონ. პრინციპში, ამერიკა ისრაელს სამხედრო შეიარაღებას და იმ საბრძოლო აღჭურვილობას უკვე აწვდის, რომელიც ამ შემთხვევაში ისრაელისთვის უკვე დეფიციტურია. ისრაელმა ე.წ. რკინის გუმბათისთვის განკუთვნილი რაკეტსაწინააღმდეგო ყუმბარები და სარაკეტო სისტემები, ფაქტობრივად, უკვე შეავსო. ამით ის, ფაქტობრივად, მზადაა , “ჰამასის” სარაკეტო დარტყმები მოიგერიოს.

ანალიტიკოსის თქმით, ამ ეტაპზე კლასიკური ჰიბრიდული ომია სახეზე.

“ისრაელი ასეთ მძიმე სიტუაციაში 1973 წელსაც კი არ ყოფილა , როდესაც მასზე თავდასხმა სირიამ და ეგვიპტემ განახორციელეს.

ამ ეტაპზე ეს კლასიკური ჰიბრიდული ომია, რომელიც ისრაელს და არასახელმწიფო აქტორებს შორის ( “ჰამასი”, “ისლამური ჯიჰადი”, ნაწილობრივ “ჰეზბოლა” ) მიმდინარეობს. ამ ომს 5 მდგენელი გააჩნია. ესაა პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური, სამხედრო და კიბერსივრცე. ეკონომიკური მომენტი ისაა, რომ ისრაელს მოუწია, ღაზისთვის ბლოკადა მოეხდინა. ეკონომიკური სიტუაცია გეოეკონომიკურ კონტექსტში შეიძლება, ნავთობის ფასთან მიმართებაში გადაიზარდოს. აქ ასევე საუბარია არალეგალური მიგრანტების გადადგილებაზე, რაც ევროკავშირის დიდ შეშფოთებას იწვევს. ამიტომ, ევროკავშირი გარკვეულწილად, ცდილობს, რომ ისრაელის ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელმაც სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის განხორციელება გადააფიქრებინოს. რადგან, პაკისტანის გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორში “ჰამასის” დაჯგუფების განადგურების მიზნით საბრძოლო მოქმედებას დაიწყებს, მაშინ პაკისტანი “ჰამასს” ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. ეს საკმაოდ სერიოზული განცხადებაა.

ჯო ბაიდენის ბოლო განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები არ უნდა დაიწყოს

ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს აზერბაიჯანმა, იორდანიამ და გაერთიანებულმა არაბთა ემირატებმა. დანარჩენი მუსულმანური სამყარო , ფაქტობრივად, ორად იყოფა. ერთნი ნეიტრალურად განწყობილნი არიან, მეორენი პალესტინის ამ დაჯგუფებებს უჭერენ მხარს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ ადეკვატურია. ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ძალიან დიდი ინტერესები გვაქვს, იქ ჩვენი ქართულ- ებრაული დიასპორაა, საკმაოდ დიდი რაოდენობით. ამავე დროს საქართველო და ისრაელი სტარტეგიული მოკავშირეები არიან. საერთო მტერი გვაყვს, ესაა ასადის რეჟიმი, რომელიც თანაბრად ებრძვის ისრაელს და საქართველოსაც, ასევე რუსეთის ფედერაცია, რომელიც “ჰამასისთვის” მხრადამჭერი რეზოლუციის პროექტის გატანას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აპირებდა. საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა აზერბაიჯანმა მხარი ისრაელს დაუჭირა. ესეც მნიშვნელოვანი მომენტია. საქართველო ტერორისტული აქტების ობიექტი და მსხვერპლი ასევე ოყო. ბუნებრივია , ჩვენ ისრაელის მიმართ სოლიდარულები ვართ.

იმედია, “ცახალი” ღაზის სექტორში შეჭრას არ განახორციელებს, ამას ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვება. პალესტინელი ბავშვები, ქალები , მოხუცები დაიღუპებიან. ეს “ჰამასის” ტერორისტების მთავარი ამოცანა და მიზანია. ისინი კარგად არიან გამაგრებულები , იციან თავის დაცვის ტაქტიკური ელემენტები.

ასეთი მასობრივი ტიპის შეჭრა, შეიძლება, “ჰამასის” მიერ ისრაელისთვის ურბანისტული საბრძოლო მოქმედებების თავს მოხვევს ისახავდეს მიზნად”- განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები