ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად
“დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ განსხვავებულ აზრში აღნიშნავენ.
მათივე მოსაზრებით, საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს.
“ჩვენი კოლეგების მიერ არსებითად არასწორად მოხდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სახელისუფლებო მოწყობის სისტემაში პრეზიდენტის კონსტიტუციური როლისა და დანიშნულების ანალიზი. კერძოდ, დასკვნის სამოტივაციო ნაწილის 24-ე–33-ე პარაგრაფები მიმოიხილავს პრეზიდენტის სტატუსს და შემოიფარგლება იმაზე მითითებით, რა უფლებამოსილებები არ გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს. ბუნებრივია, ვიზიარებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, არ ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ წარმართავს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ა.შ., თუმცა აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად გამორიცხავს საგარეო ურთიერთობების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის მოქმედების შესაძლებლობას და, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსიდან გამომდინარე, არ ანიჭებს მას გარკვეულ როლსა და ფუნქციას. ჩვენი კოლეგების პოზიციიდან არ იკვეთება, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის როლი. დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას”,- ნათქვამია მოსამართლეების განსხვავებულ მოსაზრებაში.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.