დემურ გიორხელიძე: ამერიკელებმაც და რუსებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოდან მათ საფრთხე არ ემუქრებათ, ეს ქვეყანა არის მიუმხრობელი

“ის რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მათ შორის უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში – არის გლობალური დაპირისპირების შედეგი. ახალი მსოფლიო წესრიგი სისხლისა და წინააღმდეგობების გარეშე ვერ მყარდება”,- ამის შესახებ ეკონომისტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ამ რთულ სიტუაციაში ქართველი ხალხის თავსატეხია – ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება და განვითარება.

ჯერ კიდევ წლების წინ დავწერე – უახლოეს 20 წელიწადში ისრაელის ევაკუაცია გარდაუვალია-მეთქი. ნეოლიბერალიზმა ებრაელების საკმაო ნაწილის ცნობიერების დევიაცია გამოიწვია და შეუძლებელი იყო 2-3 ათეული წლების განმავლობაში გარემომცველი ხალხის მატების ტემპს თავისი შედეგი არ გამოეღო. ასევე, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის პარალელურად უნდა შექმნილიყო პალესტინის სახელმწიფო. ასე გადაწყდა მაშინ, როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა. და კიდევ: სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები არ იგება იმაზე, თუ ვინ გიყვარს და ვინ არა – ურთიერთუსაფრთხოებაზე გადის, საღ პრაგმატულ ურთიერთობაზე, რომელიც ორივე მხარეს სარგებლის მიღების საშუალებას უნდა აძლევდეს საკუთარი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების დათმობის გარეშე.

ახალი არაფერია იმაში, რაც ახლა ისრაელში ხდება. ეს დაპირისპირება, ფაქტობრივად, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ არის და ჯერჯერობით ისევ სახელმწიფოს საზღვრის შიგნით ვითარდება.

ისრაელი დღეს არის შეერთებული შტატების ერთ-ერთი დასაყრდენი ძალზე მძიმე რეგიონში. რაც შეეხება “ჰამასს”, ის შტატებისა და ისრაელის შექმნილია ცნობილი და ძალიან გავლენიანი იასირ არაფატის წინააღმდეგ. კიდევ ბევრი კითხვის ნიშნებია, თუმცა, ეს ახლა ნაკლებად არის საინტერესო, მთავარია, არ მოხდეს ამის ესკალაცია და ყველაფერი ისრაელის ფარგლებში დასრულდეს. არ ვფიქრობ, რომ მარტივი პროცესი იქნება. შეუძლებელია, “ჰამასს” წარმოდგენა არ ჰქონოდა ისრაელის არმიაზე და არ ეფიქრა საპასუხო იერიშზე. როგორც ჩანს, კარგად გათვლილი ოპერაციაა და დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა.

მესამე მსოფლიო ომი შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში დაიწყოს, თუ შეერთებული შტატები და რუსეთი ერთმანეთს ძალისმიერად დაუპირისპირდებიან, თუმცა არ არის გამორიცხული უკრაინის მსგავსი დიდი რეგიონალური კონფლიქტებიც. უახლოესი 30-40 წელი მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ კავკასია და შუა აზია იქნება და ამ ქვეყნებში არსებული რთული სიტუაცია სწორედ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე უნდა განვიხილოთ.

დღეის მდგომარეობით მსოფლიო პოლიტიკაში სამი მთავარი მოთამაშეა – შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი, სამივე მათგანი საკუთარი ინტერესებისა და უსაფრთხოების ფარგლებში მოქმედებს. მართალია, გაჩნდა ახალი წითელი ხაზები, მაგრამ მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ვიდრეს ეს მოხდება კიდევ ბევრი დაძაბულობა და მსხვერპლი იქნება.

ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ ჩვენი თავსატეხი გვაქვს – ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება და განვითარება. ქვეყანაში არ არის კარგად საქმე. ხალხი საქართველოდან გარბის, დემოგრაფია კატასტროფის ზღვარზეა. სამწუხაროდ, ბოლო 30 ელია, საქართველოს პოლიტიკა არის უჭკუობის კლასიკური ნიმუში, თუმცა, ახლა უკვე ისეა არეული მსოფლიო, რომ პატარა შეცდომაც კი საშინელი შედეგის მომტანი იქნება.

ქართულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთადერთი პოზიცია – გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც გლობალური სამხრეთი ატარებს და ყველა დიდ პოლიტიკურ მოთამაშესთან თანამშრომლობს, საქართველოს ხელისუფლება ორ სკამზე ზის და კარგად არ იცის, როდის რომელ სკამზე უნდა დაჯდეს, რაც ძალიან ცუდია. მიუმხრობელი პოლიტიკა სხვა რამ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, ბრაზილიის პოლიტიკა. ჩემ მიერ ჩამოთვლილი გიგანტური სახელმწიფოები პირდაპირ ამბობენ, ჩვენ მხარე არ ვართ, ეს თქვენი კონფლიქტიაო. საქართველო მაინცდამაინც მხარე უნდა იყოს?! ქართველებს ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში გაურკვევლობის გამო 1921 წელს დაგვინგრიეს სახელმწიფო და დაგვიპყრეს. დიახ, მაშინდელი დაპყრობის მიზეზი გეოპოლიტიკური კატასტროფული შეცდომები იყო. გამეორება გვინდა?!

ამერიკელებმაც და რუსებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოდან მათ საფრთხე არ ემუქრებათ, ეს ქვეყანა არის მიუმხრობელი.

უფრო მეტიც, არც ისრაელში განვითარებული მოვლენების არსი ესმით. რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს კონფლიქტები უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალზე გაიშლება. ამიტომ ბრმად არ უნდა გავანათოთ თბილისის ანძა ხან ერთ და ხანაც მეორე დროშის ფერებში, ეს არასერიოზული საქციელია, როცა ამ ქვეყანაში უამრავი მუსლიმანური მოსახლეობაა, მეტიც მუსლიმანური ქვეყნების გარემოცვაში ვცხოვრობთ, ასეთი ნაბიჯი მიუღებელია. მესმის, ადამიანურად გეცოდება ებრაელი ხალხი, მათ მიმართ ჩვენს ხალხს სხვა სიყვარული აქვს, მაგრამ ამ მოქმედებით, ფაქტობრივად, ამბობ, რომ მთელი მუსლიმანური გარემოცვის მტერი ხარ,

შეიძლება, ძალიან ხისტად ვსაუბრობ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ეს ქვეყანა, სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ”,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები