“ისრაელის არმია ღაზას სექტორში შევა და ღაზას სექტორი არსებობას შეწყვეტს, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ფორმით მაინც” – ზაალ კასრელიშვილი

“ჩემი აზრით, ისრაელის არმია ღაზას სექტორში შევა და ღაზას სექტორი არსებობას შეწყვეტს, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ფორმით მაინც”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.

კასრელიშვილმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.

” დღეს რამდენიმე საკითხის შესახებ ვისაუბრებთ. ეს ის საკითხებია, რომელთა გარშემოც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კითხვები გაჩნდა. ჩვენ ამ თემაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ რამდენიმე ინტერვიუ გვქონდა და ზოგადად ვიცით, ამ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებაში რა კითხვებია.
მინდა, ისრაელის მოსახლეობას მომხდარი უბედურება მივუსამძიმრო. ამ მოვლენას ვაფასებთ, როგორც მუხანათურ ტერაქტს, ბარბაროსულ თავდასხმას. ვფიქრობთ, უკვე დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ ერთიანი მექანიზმი შეიმუშაოს, რათა ამდაგვარი მოვლენები არცერთ ქვეყანაში აღარ მოხდეს.

საქართველოსთვის მომხდარი ამბავი ორმაგად მტკივნეულია. ერთი იმიტომ, რომ ისრაელში უდანაშაულო ადამიანები დაიხოცნენ, მეორე იმიტომ, რომ ჩვენ ის წარსულს გვახსენებს. გასახსენებლად 90- იანი წლებიც კმარა, როდესაც აფხაზეთში რუსეთ- საქართველოს ომის დროს ქართველებს თავებს ჭრიდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ, ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ.

რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს და პროგნოზს: ჩვენი აზრით, ისრაელის არმია ღაზას სექტორში შევა და ღაზას სექტორი არსებობას შეწყვეტს, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ფორმით მაინც. “ჰამასის” არა მარტო ლიდერების, არამედ რიგითი წევრების დევნა ბოლომდე იქნება. საერთაშორისო საზოგადოებას აინტერესებს, შეიძლება თუ არა, ეს ყველაფერი ამ მასშტაბებს გასცდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, “ჰამასის” ლიდერები სად დაიმალებიან, რომელ ქვეყნებს შეაფარებენ თავს, შეაფარებენ თუ არა თავს პალესტინაში, შეიფარებს თუ არა მათ პალესტინა. რაც შეეხება ისრაელის ფარგლებს გარეთ ამ ომის გასვლას – ამის რეალური საფრთხე იყო მაშინ, როდესაც ეს ომი დაიწყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც თავდასხმიდან რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა ამ რეგიონში ფლოტი გაგზავნა, ამან ახლო აღმოსავლეთში აგრესიულად განწყობილი ცხელი თავები გააცივა და იმაზე დააფიქრა, რომ ამას ძალიან სერიოზული გართულება მოჰყვებოდა და ზოგიერთმა ქვეყანამ, აგრესიულმა დაჯგუფებამ ისრაელზე თავდასხმისგან თავი შეიკავა. არ გვგონია, რომ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლი აინთოს, რის წინაპირობასაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა წარმოადგენდა.  გათვლა იმაზე იყო, რომ ამ რეგიონში ცეცხლი აენთოთ, საერთაშორისო საზოგადოების, კონკრეტულად კი დასავლეთის ყურადღება უკრაინიდან გადაეტანათ.

რადგან უკრაინა ვახსენეთ, მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც უკრაინის ხელმძღვანელობა და რამდენიმე ქვეყნის (ისრაელის, ეგვიპტის, ბრიტანეთის) სპეცსამსახურები საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ დადებენ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ამხელენ იმ პოლიტიკურ ძალებს და ქვეყნებს, რომლებმაც “ჰამასის” ამ ბარბაროსულ თავდასხამს ხელი შეუწყვეს, მათ იარაღი მიაწოდეს. ამ თემაზე დღეს ვერ ვილაპარაკებთ, რადგან მკითხაობა გამოგვივა.
ველოდებით, ვიცით, რომ მასალები ნამდვილად არსებობს. ეს ყველაფერი ღაზა სექტორის “ჰამასის” ლიდერებისა და ბოევიკებისგან წმენდის შემდეგ დაიწყება. საერთაშორისო საზოგადოება ამ დოკუმენეტს აუცილებლად საჯაროს გახდის. უბრალოდ გვინდა, მოცემულობაზე ვილაპარაკოთ. მოცემულობა ასეთია:
კარგად იყვნენ შეიარაღებულები, მომზადებულები, საერთო ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედებდნენ. საერთაშორისო საზოგადოების აზრი მუსირებს, რომ ეს ან ირანი, ან რუსეთი იყო. ველოდებით ფაქტების გასაჯაროებას. მოცემულობა ისეთია, რომ “ჰამასის” ლიდერები რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მეგობრობდნენ და მეგობრობენ, უკრაინაში ომის დაწყებამდეც ჩადიოდნენ და კრემლში ჩასულები ომის დაწყების შემდეგაც იყვნენ (ოფიციალურად და არაოფიციალურადაც). ამდენად ეჭვი არსებობს. ამ ეჭვს არსებობის უფლება აქვს.

რაც შეეხება ირანს: ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ თუ ირანს და ისრაელს შორის ომი დაიწყება, სულიერი ლიდერების ჯგუფს სერიოზული დარტყმა მიადგება, როგორც მინიმუმ, ირანი ორ ნაწილად დაიშლება, რადგან ირანის ჩრდილო- აღმოსავლეთი, რომელიც ესაზღვრება აზერბაიჯანს და თურქეთს, დასახლებულია აზერბაიჯანელებით, 20 მილიონზე მეტია მოსახლეობა, რომელიც არცერთ შემთხვევაში ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს. ზოგადად, ისრაელის წინააღმდეგ მუსულმანური სამყაროს გაერთიანებაც რეალურად არ მიგვაჩნია.

რაც შეეხება სირიას – სირიაში აგრესიული დაჯგუფებები არიან, რომლებიც იმუქრებიან, მაგრამ ისედაც დანგრეულ სირიას, ძალით შენარჩუნებულ პრეზიდენტს არ მგონია, კიდევ გარისკვა უღირდეს. რუსეთს აღარ ექნება იმის საშუალება, რომ დაიცვას, როგორც აქამდე იცავდა. ვფიქრობთ, ირანის პრეზიდენტის მოწოდება ისრაელის წინააღმდეგ ერთიანი ისლამური ფრონტის შექმნაზე შიდა პოლიტიკური ბაზრისთვის მიმართული პროპაგანდაა”, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები