მარკ რუტე: 19-მა ქვეყანამ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე 19 ქვეყნის წარმომადგენელმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები მიაწოდონ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რამშტაინის ფორმატში“ გამართული 31-ე შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„ნატო მკაფიო პრიორიტეტს ანიჭებს იმას, რომ უკრაინა დღეს ბრძოლაში მაქსიმალურად ძლიერად იყოს ჩართული და დარწმუნდეს, რომ ყველა მოკავშირე, ასევე ნატოს გარეთ მყოფი ჩვენი პარტნიორები, უკრაინას ყველაფერს მიაწვდიან, რაც შეუძლიათ, რათა უზრუნველყონ, რომ ქვეყანას ჰქონდეს ის, რაც სჭირდებათ, როგორც ლეტალური, ასევე არალეტალური საჰაერო თავდაცვის სისტემების მხრივ“, – აღნიშნა რუტემ.
ამასთან, მან ახსენა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ძირითადი სფეროები, მათ შორის PURL ინიციატივა, ჩეხეთის საბრძოლო მასალის მიწოდების პროგრამა, ორმხრივი დახმარება და „რამშტაინის ფორმატი“.
„ჩვენს შეხვედრაზე 19 ქვეყანა გამოვიდა და ყველა მათგანმა გამოაცხადა, თუ რას მიაწვდიან უკრაინას, ზოგჯერ PURL-ის ან სხვა ინიციატივების მეშვეობით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ასევე ორმხრივი ფორმით“, – განაცხადა რუტემ.