პატრულმა ორი მოზარდი სიკვდილს გადაარჩინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ პატრულმა ვარკეთილში ორი მოზარდი სიკვდილს გადაარჩინა. ამის შესახებ ნინო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც გიორგობიანი აღნიშნავს, ვარკეთილში კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სადარბაზო კვამლში გაეხვია. ასევე დენისა და გაზის სადენებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება გაჩნდა. პატრულმა კი მეორე სართულზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი 10 წლამდე ბიჭი და მესამე სართულზე სახლში მყოფი 12 წლამდე გოგონა სადარბაზოდან უვნებლად გამოიყვანა.
“გმირობის კიდევ ერთი ისტორია – რამდენიმე საათის წინ პატრულმა ლევან ბუიშვილმა 2 მოზარდი სიკვდილს გადაარჩინა! ვარკეთილში კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს სარდაფში ხანძარი იყო, მთელი სადარბაზო კვამლში იყო გახვეული. კვამლმა საცხოვრებელ ბინებშიც შეაღწია, რის გამოც მცხოვრებლებს სუნთქვა და ხილვადობა შეეზღუდათ. ასევე გაჩნდა საშიშროება, დენისა და გაზის სადენებზე ცეცხლი გავრცელებულიყო, პატრულმა სადარბაზოს მეორე სართულზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი 10 წლამდე ბიჭი და მესამე სართულზე სახლში მყოფი 12 წლამდე გოგონა სადარბაზოდან უვნებლად გაოიყვანა და კვამლით გაგუდვას გადაარჩინა!“- წერს ნინო გიორგობიანი.