ეროვნული ბანკი: მხოლოდ გასულ წელს ბანკი 40-მდე თანამშრომელმა, 2023 წლის დასაწყისში კი 5 წამყვანი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დატოვა
„ადამიანური კაპიტალის ცვლილება/განახლება ნებისმიერი კერძო თუ საჯარო ორგანიზაციის თანმდევი, ბუნებრივი პროცესია. ეროვნულ ბანკში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ და საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ და მეტად მაღალია“, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წელს ეროვნული ბანკის 40-მდე თანამშრომელი საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო სექტორის წამყვან კომპანიებში დასაქმდა და მენეჯერულ პოზიციებზე გააგრძელეს საქმიანობა.
„2023 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის 5 მიმართულების – ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების, საზედამხედველო პოლიტიკის, ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის, სპეციალიზებული რისკებისა და იურიდიული დეპარტამენტების უფროსებმა საქმიანობა გააგრძელეს როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ცნობისთვის: თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია. ეროვნულ ბანკში ამჟამად 600-მდე თანამშრომელია და ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.