“არ მგონია, რომ ხელი უნდა ვახლოთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს” – მიხეილ სარჯველაძე

„რეკომენდაცია ზოგადია, გვეუბნებიან, რომ რევიზია მოხდეს იუსტიციის საბჭოს ფუნქციების. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, არის აბსოლუტური ჭეშმარიტება“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„სხვათა შორის, ამ სათაურით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისია ნაწილს არ მიიჩნევს შესრულებულადო. მოდი, დიდი ხანი რომ არ დავკარგოთ იმის თვლაზე, მეტი შესრულებულია, თუ ნაკლები, შეიძლება ჭიქის სავსეობის მსგავსად ვთქვათ და ნაწილი რომ შესრულებულია, ამაზეც ყურადღება გავამახვილოთ. თუკი შინაარსობრივად გავეცნობით დასკვნას, მე ვფიქრობ, არც თუ უმნიშვნელო ნაწილებია, რომელთან დაკავშირებით, პოზიცია ერთმნიშვნელოვანია და მიიჩნევენ, რომ არის შესრულებული რეკომენდაციები და მიიჩნევენ, რომ გაუმჯობესებაა კანონმდებლობაში ამ თვალსაზრისით. ეს უნდა ახარებდეს ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს. საკითხებზე,  რომელზეც შეიძლება, არსებობს კრიტიკული მოსაზრებები, ვერ ვიტყოდი, რომ ჩამოყალიბებულად კრიტიკული მოსაზრებებია და ამის მიზეზი მაქვს, თვითონ დასკვნის შინაარსი იძლევა ამის შესაძლებლობას. საუბარია იუსტიციის საბჭოს სიღრმისეულ რეფორმაზე და ამ კონტექსტში იმაზე, რომ აუცილებელი იქნება გადააზრება იუსტიციის საბჭოს ფუნქციებისა. მე პირადად მგონია, რომ იუსტიციის საბჭოს ფუნქციები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და ორი უმთავრესი რამ არის განსაზღვრული, ესაა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მეორე, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, ესაა მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება. ამ ორი ფუნქციის გადააზრება რამდენად აუცილებელია ამაზე პასუხს იძლევა სამუშაო ჯგუფებში გამართული დისკუსია.

მე არ მგონია, საქართველოში არსებობდეს ჩამოყალიბებული, მწიფე აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა გათავისუფლებას და დანიშვნას იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეთა თვითმმართველობის გარდა, სხვა ვინმე უნდა ახორციელებდეს. არ მგონია ასევე, რომ ხელი უნდა ვახლოთ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს. ამ თემების რევიზირების პროცესში არ შემხვედრია განსხვავებული აზრი, ამიტომ ვინც ახლა ოპოზიციიდან განსხვავებულად საუბრობს, დაე, თქვან, რა შეიძლება შეიცვალოს ამ თვალსაზრისით, რომელი ფუნქცია შეიძლება გამოაკლდეს იუსტიციის საბჭოს კონსტიტუციური ფუნქციებიდან ან რომელი შეიძლება დაემატოს. როცა ზოგადი შთაბეჭდილება, შეხედულება და სურვილია, რომ რაღაც გავაუმჯობესოთ, მოგვიანებით, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ნაბიჯებსა და შეთავაზებებზე უნდა გვქონდეს საუბარი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები