“ჯორჯიან ეარვეისი”: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია თელ ავივი-თბილისის მიმართულებით ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით
“ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ თელ ავივი-თბილისის მიმართულებით ავია ბილეთების გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
“ძვირფასო მგზავრებო, სოცქსელებში აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით, თელ ავივი-თბილისის მიმართულებით, თითქოს, ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა.
უახლოეს რეისებზე ეკონომკლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.
უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან!
პატივისცემით,
ჯორჯიან ეარვეისი”,- ნათქვამია განცხადებაში.