პარლამენტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა 82 ხმით 1-ის წინააღმდეგ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების თანახმად: 2023 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება და განისაზღვრება 6,5%-ის ოდენობით; მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება და განისაზღვრება 3,1%-ის ოდენობით; ასევე, შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2,6%-ს შეადგენს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა განისაზღვრება 78,8 მლრდ ლარის ოდენობით და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 19,4 მლრდ ლარის ოდენობით.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოსავლები ჯამში იზრდება 520,0 მლნ ლარით, საიდანაც 420,0 მლნ ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 100,0 მლნ ლარი ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.

მისი თქმით, ვალის აღების მაჩვენებელი მცირდება 363,0 მლნ ლარით და სწორედ ეს არის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთი მიმართულება. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 431,2 მლნ ლარით და ჯამურად იქნება 22 311,3 მლნ ლარი.

ცვლილებების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 250,0 მლნ ლარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება – 47,0 მლნ ლარით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასიგნებები – 34,0 მლნ ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – 23,0 მლნ ლარით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 20,0 მლნ ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მლნ. ლარით, თავდაცვის სამინისტროს – 10,0 მლნ ლარით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება – 21,2 მლნ ლარით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან. ცვლილებების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს, ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, დამატებით გამოეყოფა 2,5 მლნ ლარი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის დამატებით გამოეყოფა 500,0 ათასი ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები