“საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ყოფნა უკანონოა” – ევროკავშირი ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის შექმნის გეგმის გამო შეშფოთებულია
ოკუპირებულ ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტისთვის მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის რუსეთის გეგმების შესახებ ევროკავშირმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
“რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უკანონოა და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და 2008 წლის 8 სექტემბრის მისი განხორციელების ზომებს.
თუ რუსეთი განაგრძობს გაცხადებული გეგმების განხორციელებას, რეგიონში ეს გამოიწვევს დაძაბულობის კიდევ უფრო ზრდას და საფრთხეს შეუქმნის სტაბილურობას.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.