როგორ გადაარჩინა ვასილ მჟავანაძემ თუშეთი რუსეთთან მიერთებას?
ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც ცეკას ყოფილი პირველი მდივნის შვილის დაპატიმრებას ცდილობდა და რა კავშირშია თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მჟავანაძის შვილის ნათლობასთან?
ამ და სხვა, აქამდე სრულიად უცნობ და ნაკლებად გახმაურებულ დეტალებს დღევანდელ, ექსკლუზიურ მასალაში გაეცნობით.
რუბრიკის სტუმარია ვასილ მჟავანაძის შვილი, ნინა მჟავანაძე.
დოსიე
„ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე (დ. 20 სექტემბერი [ძვ. სტ. 7 სექტემბერი], 1902, ქუთაისი – გ. 31 აგვისტო, 1988, მოსკოვი) – ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე. 1953 წლიდან 1972 წლამდე იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, რაც მას საქართველოს სსრ-ში დე ფაქტო პირველ პირად აქცევდა. მისი მმართველობა ხასიათდებოდა ეკონომიკური პროგრესით, თუმცა ამავდროულად გაღრმავდა კორუფცია და გავრცელდა ე.წ.“ – „დახლქვეშა ეკონომიკა“.
ეს არის მცირე ამონარიდი ვასილ მჟავანაძის ბიოგრაფიიდან, რომელიც ვიკიპედიას დასაწყისშივე იკითხება…
შ.ლ. – ქალბატონო ნინა, მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის.
ნ.მ. – მადლობა რომ დაინტერესდით და მამაზე მასალის მომზადება გადაწყვიტეთ.
შ.ლ. – სიმართლე გითხრათ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ცეკას პირველი მდივნის ოჯახში თუ აღმოვჩნდებოდი. ჩემთვის ცოტა უჩვეულო შეგრძნებაც კი არის. მართალია ვასილ პავლოვიჩის მმართველობის პერიოდს ვერ მოვესწარი, მაგრამ მამათქვენის შესახებ უამრავი რამ გამიგია და მინდა, ჩვენი რუბრიკის მკითხველის ინტერესი დღეს მაქსიმალურად დავაკმაყოფილო, ამაში კი თქვენ უნდა დამეხმაროთ.
ნ.მ – მზად ვარ, მკითხეთ რაც გაინტერესებთ.
შ.ლ. – სანამ ცეკას ყოფილი პირველი მდივნის მიერ განხორციელებულ, თუ განუხორციელებელ საქმიანობას გავეცნობი, მაინტერესებს მისი პროტოტიპი. ფოტოების მიხედვით, ადამიანის ხასიათის ამოცნობა მეტ-ნაკლებად შეიძლება, თუმცა ჩემს ფსიქო-ანალიტიკურ ფაქტორს, ახლა გვერდზე გადავდებ და თავად თქვენ გკითხავთ, როგორ დამიხასიათებთ იმ ადამიანს, რომელიც 19 წლის განმავლობაში მართავდა საბჭოთა საქართველოს და ამ გეოგრაფიულად პატარა რესპუბლიკასთან ერთად, მის პირად, ექვსსულიან ოჯახს?
ნ.მ. – მე ვარ ყველაზე უმცროსი ქალიშვილი, რომელიც თბილისში დავიბადე. ჩემი ორი დის დაბადების ადგილი მაშინდელი ლენინგრადია, ხოლო ძმის – კიევი. ამ მცირე ისტორიაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ საქართველოს დედაქალაქში დაბადებით, ამაყი ვარ. ჩემი სამშობლო საქართველოა! რაც შეეხება მამას, მას ჩემ მიმართ განსაკუთრებული ურთიერთობა ახასიათებდა, ვინაიდან, ყველაზე უმცროში შვილი ვიყავი. ასეთ ბავშვებს მშობლები განსაკუთრებით ანებივრებენ ხოლმე.
მამის საპასუხისმგებლო საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ მოგეხსენებათ… აქედან გამომდინარე, სახლში მცირე დროის განმავლობაში ვხედავდით, თუმცა როგორც კი მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა იყო, ძალიან დიდ ყურადღებას გვითმობდა. დასასვენებლადაც ყველგან ერთად მივდიოდით.
შ.ლ. – ვასილ მჟავანაძის შიდა ოჯახურ გარემოზე მინდა, მეტი წარმოდგენა შევუქმნა ჩვენს მკითხველს. ცნობილია რომ დედათქვენი უკრაინელი იყო, ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაცია რომელ ენაზე ხორციელდებოდა?
ნ.მ. – რუსულად ვმეტყველებდით, თუმცა მე და ჩემს დედ-მამიშვილებს ქართული გვესმოდა, ქართული ენის ცოდნით, განსაკუთრებით მე და ჩემი ძმა გამოვირჩეოდით, დედამ კი, ქართული არ იცოდა.
შ.ლ. – ბატონი ვასილი ცდილობდა, რომ მის შვილებს ქართული ენისადმი ცოდნა გაეღრმავებინათ?
ნ.მ. – დიახ, სახლში დაბრუნებისას, იგი ქართულად მოგვმართავდა ხოლმე, განსაკუთრებით აინტერესებდა ვკითხულობდით თუ არა რომელიმე კლასიკოსის ნაწარმოებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეგვაქებდა ხოლმე და გვეტყოდა; – „რუსულთან ერთად, ქართული ნაწარმოებები აუცილებლად წაიკითხეთ!“
მამას კითხვა ძალიან უყვარდა და განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. უამრავი წიგნი ჰქონდა წაკითხული. კი ამბობენ, რომ მამაჩემმა, თურმე ქართული არ იცოდა, მაგრამ ეს უსაფუძვლო მითია.
შ.ლ. – ახლანდელ თანამედროვე, შეძლებულ ოჯახებში ე.წ. დამხმარე ქალები საქმიანობენ… საბჭოთა საქართველოს მაშინდელ პირველ ლედის ჰყავდა ოჯახში ასეთი თანაშემწე?..
ნ.მ. – დიახ, ასეთი ქალბატონები ჩვენს ოჯახში საქმიანობდნენ. ერთი მზარეული იყო, ორ ქალბატონს დალაგება ევალებოდა, ასევე გვემსახურებოდა სამი მძღოლი. ეს ადამიანები ე.წ. „კაგებეს“ თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც მაშინდელი უშიშროების სამსახურიდან ოფიციალურად იყვნენ მოვლენილები.
შ.ლ. – მცირე დახასიათება უშუალოდ დედათქვენის შესახებაც მინდა მოვისმინო. მიამბობთ მის შესახებ?
ნ.მ. – დედაჩემი საოცარი მეოჯახე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვემსახურებოდნენ… დედა თვითონ ამზადებდა სადილებს. ჩვენთან კარაქიც კი ოჯახურ გარემოში მზადდებოდა. დედა, ასევე განსაკუთრებით ზრუნავდა მამაჩემის კვების რაციონზე.
შ.ლ. – ძალიან მოკლე აღწერილობაა… დავიჯერო, მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი?
ნ.მ. – დედა საოცრად მორწმუნე ქალი იყო.
შ.ლ. – მისი მრწამსი რაში გამოიხატებოდა?
ნ.მ. – არ არსებობდა აღდგომა, რომ ჩვენს ოჯახში კვერცხი არ შეეღება და პასკა არ გამოეცხო…
შ.ლ. – წამიერად, ახლა ჩემთვის წარმოვიდგინე, ცეკას პირველი მდივნის ოჯახში წითელ პარასკევს კვერცხები იღებება და პასკა ცხვება..
ნ.მ. – ყოველ წელიწადს კვერცხი იღებებოდა, პასკა ცხვებოდა და ეკლესიაშიც იგზავნებოდა.
შ.ლ. – რა მოულოდნელი პიროვნული რაკურსია… ვასილ მჟავანაძის ცოლი წითელ პარასკევს კვერცხებს ღებავს, პასკას აცხობს და ეკლესიაში აგზავნის… თქვენ, ჩემი გაოცება, უკვე ნამდვილად შეძელით, დარწმუნებული ვარ მკითხველიც ამ მდგომარეობაშია…
ნ.მ. – რასაც ახლა გეტყვით, ალბათ, კიდევ მეტად გაგაოცებთ. ჩემი ძმა იმ პერიოდში რუსეთის პატრიარქის მიერ არის მონათლული.
შ.ლ. – ჩემი გაოცება აშკარად მატულობს… მომიყევით, რა ვითარებაში მოინათლა ვასილ მჟავანაძის ვაჟი, სად?
ნ.მ. – ეს მოხდა თბილისში, ბალნეოლოგიურ სამკურნალო ცენტრში.
შ.ლ. – ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამ ადგილის დასახელებას – არა!
გთხოვთ, რომ მეტი სიცხადე შეჰმატოთ თქვენს ნაამბობს.
ნ.მ. – ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი, ლენინგრადში 1939 წელს გაიცნეს და ომის დროს ბლოკადაც ერთად გამოიარეს.
ალექსი I ლენინგრადის მიტროპოლიტი იყო. ვარაუდის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ დედამ, იგი პეტერბურგში, სასულიერო მოღვაწეობის დროს გაიცნო.
სხვათა შორის ალექსი I სტალინთანაც ძალიან ახლო, მეგობრულ ურთიერთობაში იყო.
ვიცი ის რომ 60 წლებში პატრიარქს ფეხების პრობლემა შეექმნა და სამკურნალოდ თბილისში რამდენჯერმე ჩამოვიდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, დედაჩემს მისი უახლოესი მეგობარი ზინაიდა კაციტაძე დაუკავშირდა, რომელიც ბალნეოლოგიურში მუშაობდა და პატრიარქის დედაქალაქში ჩამოსვლა აცნობა. ყველა დეტალი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით გეუბნებით, რომ დედა, ალექსი I-ელს საიდუმლო ვითარებაში, ფარულად შეხვდა, ისე რომ მამაჩემმაც კი არაფერი იცოდა.
შ.ლ. – ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაოცებას ვერ დავმალავ, საოცარ ისტორიას მიყვებით… როგორც ვხვდები ცოტა ხანში იმას მეტყვით, რომ თქვენი ძმა ბალნეოლოგიურში მოინათლა?..
ნ.მ. – ზუსტად ასეა! დედამ საშა ამ სამკურნალო ცენტრში წაიყვანა და ნათლობა, სწორედ იქ შედგა, ბალნეოლოგიურში. სიმართლე გითხრათ, ამ ამბის შესახებ მეც ახლახან გავიგე, საშასგან მანამდე არაფერი ვიცოდი.
შ.ლ. – თანდათან მაოცებთ… კიდევ რა გიამბოთ თქვენმა ძმამ?
ნ.მ. – როგორც საშასგან ვიცი, ნათლობის შემდეგ, დედამ, იგი სახლში წამოიყვანა. ჩემს ძმას უკითხავს, სახლში რა უნდა ვთქვათ ჩემი ნათლობის შესახებო, რაზეც დედას უპასუხია, ეს ამბავი არსად უნდა გაემხილა, მამასაც კი არ უნდა სცოდნოდა… როდესაც მოვიდოდა ამის დრო, დედაჩემი თავად აუხსნიდა ყველაფერს…
შ.ლ. – ძალიან შთამბეჭდავი ამბავია, ძალიან… ეს მნიშვნელოვანი დეტალები ჩემი ინტერვიუს მიღმა არ უნდა დარჩენილიყო…
მოდი გავზარდოთ ჩვენი საუბრის უშუალობის ხარისხი და სწავლის პერიოდზე გკითხავთ, რომელ სკოლაში იღებდნენ განათლებას ცეკას პირველი მდივნის შვილები, სარგებლობდნენ გარკვეული შეღავათებით? ეს კითხვა ინსტიტუტში სწავლის პერიოდსაც ეხება…
ნ.მ. – ჩვენ 50-ე სკოლაში ვსწავლობდით, რაც შეეხება ინსტიტუტს, პირადად მე, სამედიცინო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული.
შ.ლ. – რომელ წელს დაამთავრეთ?
ნ.მ. 1977 წელს.
შ.ლ. – არაერთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც, ახლა, უკვე პროფესიონალი ექიმია, თუმცა ყველა მათგანისგან მსმენია, რომ იმ ეპოქაში სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება, საკუთარი ცოდნის რესურსით, თითქმის შეუძლებელი იყო, პრაქტიკულად წარმოუდგენელიც კი…
1977 წელი შევარდნაძის მმართველობის ეპოქაა, თუმცა, როგორც მივხვდი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, მჟავანაძის დროს უნდა გამხდარიყავით… გაგიჭირდათ მისაღები გამოცდების ჩაბარება?..
ნ.მ. – ძალიან კარგი კითხვაა და მადლობა ამისთვის.
მას შემდეგ, რაც შევარდნაძე მოვიდა სათავეში, დაჭერების სერია დაიწყო… დააპატიმრეს პეტრე გელბახიანიც, რომელსაც 19 წელი მიესაჯა. ამის მერე, ბატონი ედუარდის მითითებით დაიწყო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების საბუთების რევიზია, მათ შორის ჩემი საბუთების შესწავლა დაიწყეს, ეს დანამდვილებით ვიცი.
შ.ლ. – მაშინდელი სპეცსამსახურები ამ საბუთებში რას ეძებდნენ?
ნ.მ. – წარმოუდგენელი რამ ხდებოდა… სამედიცინო უნივერსიტეტის, უკვე კურსდამთავრებულ ადამიანებს კაბინეტებში იბარებდნენ და მათ ცოდნას ამოწმებდნენ, კომპრომატებს ეძებდნენ, ეკითხებოდნენ, თუ ვინ ეხმარებოდა მათ მისაღებ გამოცდებზე…
შ.ლ. – თქვენც გამოგკითხეს?
ნ.მ. – არა და ამასთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება მაქვს. საკმაოდ ძლიერი სტუდენტი ვიყავი, მაშინდელმა სპეცსამსახურებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ და ჩემი კაბინეტებში დაბარებებით ზედმეტ ხმაურს თავი აარიდეს…
შ.ლ. – მამის გადადგომის შემდეგ, პროფესორ-მასწავლებლებისგან რა დამოკიდებულებას გრძნობდით?
ნ.მ. – ამაზე ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით და დასკვნები თავად გამოიტანეთ. ჩემი სტუდენტობის დროს, ასეთი საგანი ისწავლებოდა – „მეცნიერული კომუნიზმი“. 1977 წელია და ამ საგანში სახელმწიფო გამოცდას ვაბარებ… ავიღე ბილეთი, რომელშიც შემდეგი კითხვა იყო ფორმულირებული – „ნეგატიური მოვლენა საქართველოში და მასთან ბრძოლა“. ახლაც მახსოვს მაშინდელი სცენა. ექვს კაციანი კომისია მიყურებს და ჩემს პასუხს ელოდება… ვუპასუხო? – მივმართე კომისიას… ყველამ თავი დახარა და თითქმის ერთხმად გაისმა, „გადავიდეთ მეორე კითხვაზე…“
შ.ლ. – თქვენი მონათხრობიდან, თითქოს ასე ამოვიკითხე, რომ შევარდნაძე… მჟავანაძის მმართველობის პერიოდის დისკრედიტაციით იყო განსაკუთრებულად დაინტერესებული, ასეა?
ნ.მ. – შევარდნაძეს მამის დისკრედიტაცია სურდა და ამისთვის უკიდურესი ნაბიჯებიც კი გადადგა.
შ.ლ. – კონკრეტულ შემთხვევებს დაასახელებთ? დაზუსტებული ფაქტებით უნდა მესაუბროთ…
ნ.ლ. – რასაც ახლა ვიტყვი, მინდოდა ჩემს წიგშჩი დამეწერა, რომლის გამოცემასაც ვაპირებ, მაგრამ, ახლა და ამ ინტერვიუში გიამბობთ.
შევარდნაძე ჩემი ძმის დაჭერას აპირებდა…
შ.ლ. – რა საინტერესოა… დაპატიმრების მცდელობის მოტივი რა იყო?
ნ. მ. – თითქოს ჩემი ძმა ბრაკონიერი იყო…
სრული აბსურდი! საშა მოსკოვში ცხოვრობდა და საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე დღით იყო ჩამოსული, ეგ იყო და ეგ, თუმცა, შევარდნაძის მიერ მართული პროპაგანდა იმდენად დიდი იყო, რომ ჩემი ძმის „ბრალეულობის“ ამბავი მაშინდელი პრესითაც კი გავრცელდა.
შ.ლ. – როგორც განაცხადეთ, თქვენი ძმის დაჭერა უნდოდათ… ეს იმას ნიშნავს რომ ვერ, ან არ დაიჭირეს. როგორ მოხდა პატიმრობის აცილება?..
ნ.მ. – მამა ლეონიდ ბრეჟნევის უახლოესი მეგობარი იყო, იმ დონის მეგობარი, რომ შენობით ელაპარაკებოდა. მამამ, როდესაც მისის შვილის ამბავი გაიგო, მიხვდა რაშიც იყო საქმე და პირდაპირ ბრეჟნევს დაურეკა, უთხრა, რომ მისი შვილის ბრალეულობაზე საუბარი, სრული აბსურდი იყო.
„ლეონიდ, პოლიტიკაში აღარ ვარ, შევარდნაძემ დაანებოს თავი ჩემს ოჯახს, რა უნდა?.. დაურეკოს ვინმემ და აუხსნას გარკვევით.“-ო
მართლაც ასე მოხდა, ამბროსიევიჩს დაურეკეს და გარკვევით აუხსნეს!..
შ.ლ. – ის რაც მიამბეთ, სრული სიმართლეა?
ნ.მ. – ეს სრული სიმართლეა, ზუსტად ასე იყო! შევარდნაძის უშუალო მითითებით, არაერთი სხვა სახის ნეგატიური მოვლენებიც განვითარდა. მაგალითად, ჩემს დას დისერტაციის დაცვაზე უარი უთხრეს… რის შემდეგაც, იძულებული გახდა ერევანში წასულიყო და იქ მიეღწია ჩანაფიქრისთვის… ჩემს სიძეს კი, აკადემიკოსობა განზრახ არ მიანიჭეს.
შ.ლ. – ამ ნაამბობით, რეპრესიული ნიშნები იკვეთება… თქვენი აზრით, რა უნდა ყოფილიყო შევარდნაძის ასეთი ხისტი რადიკალიზმის მიზეზი?
ნ.მ. – ამ ადამიანს მამაჩემის როლის უკიდურესად დაკნინება სურდა და ამის სანაცვლოდ საკუთარი ფიგურის აღზევება. შევარდნაძეს მიაჩნდა, რომ მაშინდელი საქართველოს აღმშენებლობა, მისი ეპოქიდან დაიწყო… მას უნდოდა კრემლისთვის ეჩვენებინა, მჟავანაძის დროს, თურმე რა ცუდი ცხოვრება იყო, ხოლო მის ეპოქაში რა კარგი ცხოვრება დადგა… შევადნაძეს უნდოდა მოსკოვისთვის წარმოეჩინა, რომ ხალხის გადამრჩენელი და მშველელი იყო…
შ.ლ. – ხანდახან რა საოცარი მსგავსებაა პოლიტიკოსებს შორის… თანამედროვე ეპოქა იქნება ეს, თუ შორეული წარსული.
თქვენმა ნაამბობმა გონებაში არაერთი მსგავსი სიტუაცია წარმომისახა, თუმცა ამჯერად ხრუშჩოვის ქმედებაზე გავამახვილებ ყურადღებას. ამ ქართველთმოძულე ადამიანსაც ასე მიაჩნდა – საბჭოთა კავშირი მისით დაიწყო და გარდაცვლილ სტალინს ებრძოდა…
ნ.მ. – ზუსტად ასეა. ძალიან სწორი პარალელი გაავლეთ.
შევარდნაძის გამოზრდილი კადრები მამაჩემის დისკრედიტაციაზე ძალიან დიდ ხანს მუშაობდნენ. თავის დროზე ამბროსიევიჩმა ჟურნალისტებიც კი მოგვიგზავნა, რომლებიც მამაჩემთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ცინიკური კითხვებით გამოირჩეოდნენ. იმ წლებში ჩვენი ოჯახი დაცინვის ობიექტი გახდა… ასევე გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა, ჩვენს ბინაში თითქოს დიდძალი ოქროულობა აღმოაჩინეს…
შ.ლ. – ამ ოქროულობამდე ჩვენ მივალთ… ოდნავ მოგვიანებით გკითხავთ ამის შესახებ.
სიმართლე გითხრათ, სანამ თქვენ შეგხვდებოდით, გარკვეულ მასალებს გადავხედე და ერთი საინტერესო დამთხვევა აღმოვაჩინე. მამათქვენი საბჭოთა საქართველოს მმართველად 1953 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა, ეს თარიღი, ახალი სტილით არის ბატონი ვასილის დაბადების დღეც… რა შეგიძლიათ თქვათ ამ დამთხვევასთან დაკავშირებით?
ნ.მ. – მესმის რასაც გულისხმობთ, თუმცა მანამდე ერთ მცირე შესწორებას შევიტან. რატომღაც ყველგან ასეა მითითებული, რომ ვასილ მჟავანაძე 20 სექტემბერს დაიბადა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მამაჩემის დაბადების თარიღი 21 სექტემბერია.
საეროდ სექტემბრის თვე მამაჩემის ცხოვრებაში საკრალური გამოდგა. 21-ში დაიბადა, 22 მონათლეს, თანამდებობაზე 20 სექტემბერს დაინიშნა. თანამდებობიდან 29 სექტემბერს გადადგა. მამა, გარდაცვალების შემდეგ, 5 სექტემბერს დავკრძალეთ…
შ.ლ. – სექტემბრის თვე მართლაც შთამბეჭდავია მამათქვენის ცხოვრებაში, თუმცა ჩემ მიერ დასმული კითხვის გამეორება კვლავ მომიწევს, ვინაიდან ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება.
მაშინ თუ ვინმეს კაცი არ იყავი, ასე ადვილად ვერ დაინიშნებოდი, მით უმეტეს უმაღლეს თანამდებობაზე… ბატონი ვასილი ხრუშჩოვის კაცი იყო? და აქვე კიდევ ერთი დანამატიც… აკავშირებდა მჟავანაძეს ხრუშჩოვთან რაიმე ნათესაური კავშირი? დაბადების წინა დღეს რესპუბლიკის მმართველად დანიშვნა უბრალო შემთხვევითობაა, თუ გულუხვი საჩუქარი?
ნ.მ. – გარწმუნებთ, ეს შემთხვევითი ფაქტია და მეტი არაფერი. მოარული ხმები, ხრუშჩოვისა და მჟავანაძის ცოლები… თითქოს ერთმანეთის ალალი დები იყვნენ, ეს არის ჭორი!
შ.ლ. – კი ბატონო, ეს არის ჭორი, თუმცა ფაქტია, რომ ნიკიტა სერგეევიჩმა საქართველოს პირველ პირად, მამათქვენის სახით, დანიშნა გენერალ-ლეიტენანტი. ეს არ არის უბრალო დანიშვნა…
ნ.მ. – გეთანხმებით, მამაჩემი დაინიშნა ბრძანებების შემსრულებლად.
შ.ლ. – დღევანდელი ინტერვიუს ძალიან საინტერესო ეპიზოდს მივადექით… რა თქმა უნდა გათვალისწინებული მქონდა ეს შეკითხვა და ზუსტად ახლა დადგა ამის დროც.
1956 წლის 9 მარტი მინდა გავიხსენოთ… როდესაც საბჭოთა არმიამ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია სისხლში ჩაახშო. არ მომერიდება ამ სიტყვის – მიტინგი დახვრიტა!.. სად იყო ამ დროს სამხედრო ბრძანებების შემსრულებელი, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მჟავანაძე?
ნ.მ. – დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ მამიდაჩემი იმ დღეს სიკვდილს გადარჩა. სროლა როდესაც ატყდა, მამიდა იმ ტერიტორიაზე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. მამაჩემისგან რომ რაიმე შესაძლო საფრთხის შესახებ სცოდნოდა, იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ გაივლიდა.
რუსული ჯარისგან ასეთ სისასტიკეს არც მამა ელოდა და არც არავინ… ის რაც მოხდა, ეს იყო პირდაპირი დირექტივა კრემლიდან!
შ.ლ. – ამბობენ, რომ მჟავანაძესა და ხრუშჩოვს შორის ამ დროს უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა. რა ფორმით გამოიკვეთა ეს?
ნ.მ. – მამაჩემსა და ხრუშჩოვს შორის საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა. მამა დაბეჯითებით მოითხოვდა თანამდებობიდან გადადგომას, მაგრამ იმ მომენტში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მაშინ, ეს ისტორია ჩვენი ოჯახის ყურამდე ამავე საუბრის თანამონაწილეების მხრიდან მოვიდა…
შ.ლ. – გასაგებია…
ამ წუთიდან იმ დროინდელი საბჭოთა სოციალიზმის მშენებლობა მინდა გავიხსენოთ. ბატონი ვასილის სახელს, რესპუბლიკის მასშტაბით ბევრი მნიშვნელოვანი მშენებლობა უკავშირდება. ამაში თითქოს გასაკვირი არაფერია, მაშინდელი კომუნიზმი, სოციალიზმს… დაჩქარებული ტემპით აშენებდა – „ლოზუნგით“- „დავეწიოთ და გავუსწროთ აშშ-ს“.
თემას არ გადავუხვევ და ერთ გამორჩეულ მშენებლობაზე გკითხავთ. მჟავანაძის დროს თბილისი არ იყო მილიონიანი ქალაქი, აქედან გამომდინარე, საქართველოს დედაქალაქს მეტროს მშენებლობა არ ეკუთვნოდა… თუმცა ამის მიუხედავად, მეტრო მაინც გაიყვანეს! ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც დღეისათვის მილიონობით ადამიანი სარგლებლობს. როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღების ლობირება?
ნ.მ. – მართალი ბრძანდებით, იმ დროინდელი სტანდარტებით, ქალაქში, მეტრო რომ გაეყვანათ, მილიონი მცხოვრები უნდა ყოფილიყო, ამიტომ მეტროს მშენებლობა თბილისში ყალბი საბაბით დაიწყო. გავრცელდა ხმები, რომ დედაქალაქში მასობრივი დაბომბვისგან თავშესაფარი შენდებოდა, პარალელურ რეჟიმში კი, თბილისის განაშენიანება უსწრაფესი ტემპით დაიწყო, ახალი უბნების მოდერნიზება, ხალხით დასახლება. შემიძლია თამამად ვთქვა, მამაჩემის მმართველობის პერიოდში, სრულიად ახალი საცხოვრებელი რაიონებიც კი გაჩნდა, დედაქალაქი საგრძნობლად გაიზარდა და განვითარდა!
შ.ლ. – წარმომიდგენია რა დიდი ენთუზიაზმით აშუქებდა ამ ყველაფერს მაშინდელი პრესა, რადიო, ტელევიზია.
სიტყვა ტელევიზია ვახსენე და ესეც არ არის შემთხვევითი, ვინაიდან ამ მასობრივი საინფორმაციო საშუალების გახსნაც მჟავანაძის სახელს უკავშირდება…
იმ პერიოდში… ტელევიზია, უდიდესი რევოლუციური და ევოლუციური ნაბიჯი იყო!
ნ.მ. – გეთანხმებით, ტელევიზიის გახსნა და მისი გადაიარაღება, მაშინ უდიდეს მიღწევად ითვლებოდა. ეს ახლაა განვითარებული ტექნოლოგიები, თორემ იმ დროს… ფერადი ტელევიზიაც კი დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა.
სწორედ მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ საერთაშორისო გამოფენაზე გადაწყდა, ინგლისური აპარატურის შესყიდვა და თბილისში ჩამოტანა, რომელიც იმ დროინდელ ქართველ მაყურებელს ფერადი გამოსახულების ხილვის საშუალებას მისცემდა.
შ.ლ. – შეგიძლიათ მეტი დეტალის შესახებ მიამბობთ?
ნ.მ. – გამოფენაზე გამოტანილი აპარატურა, მაშინ უნიკალურ ტექნოლოგიად ითვლებოდა, რომლის საერთო ღირებულება 700 000 დოლარი იყო.
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ტელევიზიისთვის აპარატურის შესყიდვის პროცესში აქტიურ მონაწილეობას კარლო გარდაფხაძე იღებდა. მან აცნობა მამას ასეთი უნიკალური ტექნიკის მახასიათებლების შესახებ და გამოფენაზე გატანილი აპარატურის შესყიდვას, რეკომენდაცია გაუწია. მამა ყურადღებით მოეკიდა ამ ამბავს და შედეგმაც არ დააყოვნა, აპარატურა, თბილიში ჩამოიტანეს, მაგრამ ერთი მთავარი პირობით… გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოს ტელევიზიას შავ-თეთრი გამოსახულება უნდა შეენარჩუნებინა, რომ მოსკოვის გაღიზიანება არ გამოეწვია. მამამ პირადად თხოვა გარდაფხაძეს ამის შესახებ.
შ.ლ. – საინტერესო ინფორმაციაა. როგორც სჩანს, ბატონი ვასილის ნაბიჯები არ იყო ე.წ. პიარზე გათვლილი.
ნ.მ. – ზუსტი შეფასებაა. შევარდნაძისგან განსხვავებით, მამა მოკრძალებული ბუნების იყო. მისი მისწრაფება ადამიანების ინტერესების გათვალისწინება იყო, ბატონი ედუარდის კი, სულ სხვა ამოცანებს წარმოადგენდა, მას გეგმა გადაჭარბებით უნდა შეესრულებინა და ამის შესახებ ყველას უნდა გაეგო… თუმცა ფაქტია, რომ შევარდნაძის დროს, ყველაფერი ინერციით მიდიოდა და საქართველოს ახალი ლიდერიც… მამაჩემის მიერ განხორციელებული საქმეებით ქულებს იწერდა, ამის მაგალითად ენგურჰესის მშენებლობაც გამოდგება.
შ.ლ. – ძალიან ნაწყენი ხართ შევადნაძეზე, გაბრაზებულიც…
ნ.მ. – ამის სრული საფუძველი გამაჩნია…
შ.ლ. – არ მინდა, თქვენი ცხოვრების მტკივნეული მომენტები გაგახსენოთ, თუმცა მკითხველს უფლება აქვს თქვენს პოზიციას გაეცნოს.
თემას შევცვლი და მამათქვენის მმართველობის დროს კიდევ ერთხელ გავიხსენებ. იმ წლებში არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. როგორც სჩანს, ბატონ ვასილს უყვარდა ხელოვნება, მით უმეტეს თქვენ აღნიშნეთ, რომ მამათქვენი ნაკითხი ადამიანი იყო. რაიმე ფაქტი ხომ არ გახსენდებათ, როდესაც იმ დროინდელი ცეკას პირველი მდივნის გადაწყვეტილებით, რომელიმე ფილმი საბჭოთა ნომენკლატურას გადაურჩა და თაროზე არ შემოიდო, ანდა, განადგურებას გადაურჩა…
ნ.მ. – ორ ეპიზოდს გავიხსენებ, თუმცა ერთ-ერთი ისევ შევარდნაძეს უკავშირდება. იმიტომ არა, რომ ეს ჩემი თვითმიზანია, იმიტომ, რომ ეს არის ფაქტი! იცით, როგორ გადარჩა „რეკორდი“ თაროზე შემოდებას?
შ.ლ. – ეს სრულიად უწყინარი და იუმორით სავსე ქართული ფილმი?
ნ.მ. – დიახ! ეს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იმ პერიოდში გადაიღეს, როდესაც შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
შ.ლ. – და?..
ნ.მ. – და… ჩათვალეს რომ ამ ფილმით, რეჟისორმა, საბჭოთა მილიცია მასხრად აიგდო, შეურაცხყო მილიციონერის ფორმა და მუნდირი.
შ.ლ. – ამ ამბავს როდენის „მოაზროვნე“-სავით სერიოზულად ვერ მივიღებ, უფრო სწორად ასეთ პოზას ახლა ვერ მივიღებ-თქო უნდა მეთქვა… ამიტომაც მეღიმება.
მერე, მერე, გთხოვთ, განაგრძოთ.
ნ.მ. – მერე ის, რომ შსს-ოს მოთხოვნით, პოლიტბიურო შეიკრიბა…
შ.ლ. – საბჭოთა მილიციის უფლებების დამცველებმა… რაო, რა გვინდაო?
ნ.ლ. – მე და თქვენ, ახლა მხიარულად გვეცინება ამ ამბავზე, მაშინ კი, ხალხი ამ საკითხს უსერიოზულესი გამომეტყველებით განიხილავდა. რამდენადაც ვიცი, შევარდნაძისა და მისი ერთ-ერთი მოადგილის სახით, შსს-ო ამ ფილმის გაუქმებას კატეგორიულად მოითხოვდა. საპირისპიროდ კი, მთელი პოლიტბიურო, მილიციის პირველ პირებს არწმუნებდა, რომ „რეკორდი“ ნამდვილად კომედიური ჟანრის ფილმია, რომელიც ერთ-ერთი ჩეხი მწერლის მიერ 1924 წელს დაწერილი მოთხრობის მიხედვით იყო გადაღებული, ოღონდ ქართული მოტივებით…
საბოლოო ჯამში ფილმი დამტკიცდა!..
შ.ლ. – და მაშინდელმა საბჭოთა მილიციონერმაც უმწიკვლო მუნდირი შეინარჩუნა!..
არადა ამ ფილმის გარეშე ქართული კინო იუმორისტულ ჟანრში ძნელად წარმოსადგენია… როგორც სჩანს, „ამხანაგებს“ სატირა და იუმორი ერთმანეთში აერიათ…
ნ.მ. – ახლა, მეორე ფაქტზეც გიამბობთ.
ერთ მშვენიერ დღეს ცეკადან ზარი გაისმა – „ფილმის გადაღებისას, სერგო ზაქარიაძემ გადასაღები მოედანი მიატოვა და როლის შესრულებაზე უარი განაცხადა..“ თბილისში ატყდა ამბავი, ყველა საგონებელში ჩავარდა და ამბის გარკვევა დაიწყეს. მამამ, მომხდარი ფაქტის შესწავლა, როინ მეტრეველს დაავალა. წვრილმანი დეტალების მოყოლით არ გადაგღლით. სერგო ზაქარიაძე ბატონ როინს შეხვდა და მისი პროტესტის მიზეზიც გაუმხილა. აღმოჩნდა, რომ ქართველი მსახიობის გადაწყვეტილება, რუსი მსახიობის, ულიანოვის თვითნებობამ განაპირობა, რომელიც ამავე ფილმში მარშალ ჟუკოვის როლს ასრულებდა, ხოლო სტალინის როლში სერგო ზაქარიაძე იყო.
შ.ლ. – თვითნებობა რაში გამოიხატებოდა?
ნ.მ. – ფილმის სცენარის მიხედვით, „ჟუკოვი“… „სტალინს“ მითითებებს აძლევდა, ეს მაშინ, როდესაც ბრძანებების გამცემი პირი, თავად სტალინი, ანუ სერგო ზაქარიაძე უნდა ყოფილიყო…
სხვათა შორის მამა და ჟუკოვი ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ, იმ დონის მეგობრები, რომ მამაჩემს ქართული ჩაის გაგზავნასააც კი სთხოვდა ხოლმე მისთვის.
შ.ლ. – ამხელა საბჭოთა კავშირში მარშალი ჟუკოვი ცეკას პირველ მდივანს, საქართველოდან ჩაის გაგზავნას სთხოვდა?
ნ.მ. – დიახ, ასეც ხდებოდა… გინდათ გაჩვენოთ ამის დამადასტურებელი წერილი?
შ.ლ. – სიამოვნებით გამოვიყენებ ამ შეთავაზებას, მაჩვენეთ.
შ.ლ. – ვასილ პავლოვიჩს დახმარებას ხშირად სთხოვდნენ?
ნ.მ. – ძალიან ხშირად, ამ ყველაფერს სისტემატიური ხასიათი ჰქონდა…
შ.ლ. – ბატონი ვასილი სოფელ გვიშტიბიდან იყო, ისევე, როგორც ოტია იოსელიანი. მათ შორის ურთიერთობაზე რას მეტყვით?
ნ.მ. – ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, მაგრამ მამას გამორჩეული, მეგობრული ურთიერთობა ირაკლი აბაშიძესთან და იოსებ ნონეშვილთან ჰქონდა.
შ.ლ. – მეგობრები, მეგობრებად, მაგრამ ახლა, ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე უნდა გკითხოთ. დღევანდელ ინტერვიუში როინ მეტრეველი ახსენეთ, რომელსაც მამათქვენი განსაკუთრებით ენდობოდა. ეს გამოჩნდა სერგო ზაქარიაძესთან შეხვედრის ეპიზოდშიც…
ნ.მ. – მამა, ბატონ როინს მის შემცვლელად ამზადებდა…
შ.ლ. – დიახ, თქვენ კარგად მიხვდით ჩემი რეპლიკის დატვირთვას… რა ნიშნით მზადდებოდა ბატონი როინი ცეკას პირველ მდივნად?
ნ.მ. – როინ მეტრეველს ყველა საფეხური ჰქონდა გავლილი, ის გამორჩეული კადრი იყო და მამას ნდობასაც განსაკუთრებული ხარისხით იმსახურებდა.
შ.ლ. – ასეთი მაღალი ნდობის მიუხედავად, როგორ მოხდა, რომ მეტრეველი, შევარდნაძემ ჩაანაცვლა?..
ნ.მ. – შევარდნაძე პირწმინდად მოსკოვის კაცი იყო და მას საბჭოთა კავშირის იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, შჩოლოკოვი მფარველობდა!
შ.ლ. – ინტერვიუს დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ მამათქვენი და ბრეჟნევი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს შენობითი ფორმით მიმართავდნენ. ამ ფაქტის მიუხედავად, მჟავანაძემ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ დაიცვა?
ნ.მ. – შევადნაძე მამაჩემის ზურგს უკან ძალიან აქტიურად მუშაობდა… განსაკუთრებით, ბოლო ორი წელი. ამ პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად ამზადებდა თავის გარემოცვას და ნახტომისთვის შესაბამის დროს ელოდებოდა… მიზნის მისაღწევად, არაფერს ერიდებოდა.
მაშინდელი რაიკომის არაერთ ცნობილ მდივანზე განხორციელდა მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი. შევადნაძეს განდიდებისა და ძალაუფლების მანია სჭირდა, ის ყველას და ყველაფერს გაწირავდა საკუთარი მიზნის მისაღწევად. მისი მმართველობის პერიოდს უამრავი ასეთი ფაქტი ახასიათებს. შევარდნაძის პერიოდში რამდენიმე მაღალჩინოსანმაც მოიკლა თავი…
შ.ლ. – თქვენ, ახლა, ლიდერის ცვლილების მეთოდებზე გაამახვილეთ ყურადრება. მამათქვენის შემთხვევაში, ხრუშჩოვიდან, ბრეჟნევის ეპოქაზე გადაწყობა როგორ მოხდა?
ნ.მ – საქართველოში ცეკას პირველ მდივნად, მამა, ხრუშჩოვმა დანიშნა, კი ბატონო, მაგრამ ნიკიტა სერგეევიჩს მამაჩემის სახით, არასოდეს მიუღია ყურმოჭრილი მონა. მამასა და საბჭოთა ლიდერს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც ამ უკანასკნელმა, საქართველოსთვის აფხაზეთის წართმევა გადაწყვიტა. ჯერ კიდევ მაშინ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ სოხუმი რუსული ქალაქი უნდა ყოფილიყო… ანალოგიური საუბარი იყო თუშეთის რეგიონზეც.
შ.ლ. – აფხაზეთში რომ რუსული მავნებლური იდეოლოგიური ნაღმები იდებოდა ეს თავიდანვე კარგადაა ცნობილი, მაგრამ რუსებს თუშეთის მიერთებაც სურდათ, რა მოტივით? ეს ამბავი უნდა მიამბოთ, ყველა დეტალი მაინტერესებს რაც კი თქვენთვის არის ცნობილი.
ნ.მ – 1957 წელს რასულ გამზატოვი ხრუშჩოვს შეხვდა და იმ მოტივით, რომ დაღესტანში, თითქოს საძოვრების ნაკლებობა იყო, ადგილობრივი მეცხოველეებისთვის, თუშეთის ნაკლებად დასახლებული სოფლების გადაცემა „სთხოვა“.
ხრუშჩოვმა მამას დაურეკა და ცნობილი პოეტის „უწყინარი ჩანაფიქრის“ აღსრულება მოსთხოვა. მამაჩემი, ხრუშჩოვს ვითარების შესწავლას დაჰპირდა, თუმცა კარგად მიხვდა რაც ხდებოდა და თუშეთში დაუყონებლივ გაემგზავრა. ამ „ექსპედიციის“ მონაწილეები ჯავახიშვილი და ინაურიც იყვნენ.
ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ დელეგაცია, თუშეთში უგზოობის გამო, ახმეტიდან ცხენებით გადავიდა.
მამაჩემი მერე იხსენებდა, რომ თუშეთი სახით, საოცრება ნახა, თუმცა ეს რეგიონი ნაკლებად დასახლებული იყო…
რაღაც უნდა ეღონათ… თუშეთი რომ არ დაკარგულიყო, სწრაფი მოქმედება იყო საჭირო და აუცილებელი ზომების მიღებაც დაიგეგმა. რამდენიმე დღეში, თუშეთის სოფლებში გენერატორები ჩაიტანეს და სახლებთან ერთად, კოშკებიც კი გაანათეს. ამით იმიტაცია შეიქმნა, რომ თუშეთი არც ისე დაუსახლებელი იყო, როგორც დაღესტნელმა პოეტმა აღწერა…
ამ ხრიკიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ მამამ ხრუშჩოვს დაურეკა და თუშეთის სოფლების „მჭიდრო“ დასახლებების შესახებ უამბო… ამის შემდეგ, რუსებმა თუშეთის თავზე, ღამით ორჯერ გადააფრინეს თვითმფრინავი, გადაამოწმეს, რამდენად განათებული და დასახლებული იყო საქართველოს ეს ულამაზესი რეგიონი.
აი, ასე დარჩა თუშეთი საქართველოს შემადგენლობაში.
შ.ლ. – ძალიან შთამბეჭდავი ისტორიაა, მე არ მაქვს საფუძველი თქვენს მონაყოლში ეჭვი შევიტანო, მაგრამ შესაძლოა, რომელიმე სკეპტიკურად განწყობილმა მკითხველმა კითხვა დასვას, ხომ არ ახდენთ მამის როლის რომანტიზმს?..
ნ.მ. – ამ ფაქტის მოწმე, თვითმხილველი ადამიანები დღემდე არის ცოცხლები. სხვათა შორის საუბარია იმ ადგილობრივ მცხოვრებლებზე, რომლებიც მამას თან ახლდნენ თუშეთში ყოფნის პერიოდში. ამ ულამაზეს მხარეში, ახლაც რომ ახვიდეთ და ვასილ მჟავანაძე ახსენოთ, ადგილობრივი მოსახლეობა მის სადღეგრძელო შესვამს.
შ.ლ. – ძალიან საინტერესო მასალას გაეცნობა ჩვენი მკითხველი, თუმცა ინტერესის ხარისხის მატება დღევანდელ ინტერვიუში, ალბათ, ცოტა ხანში კიდევ გაიზრდება…
თქვენთვის მტკივნეილ თემას მინდა შევეხო. ამ თემას გვერდს უბრალოდ ვერ ავუვლი. ვასილ მჟავანაძის ტრიუმფალური კარიერის შემდეგ, ერთ დღესაც მისი თანამდებობიდან გადადგომის დღეც დადგა და პენსიაზე გავიდა…
1972 წლის სექტემბრის ბოლოს ხმა გავრცელდა, რომ მჟავანაძე, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, მისი ბინიდან კი, თბილისში, გამოძიებამ ხუთ კილოგრამამდე ოქრო ამოიღო, ასევე ძვირფასი სამკაულები და თვლები, უცხოური ვალუტაც კი… გააკეთებთ ამაზე რაიმე კომენტარს?
ნ.მ. – ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის.
მამას, საქართველოდან წასვლა არასოდეს სდომებია, მაგრამ აიძულეს…
მას შემდეგ რაც მან თანამდებობა დატოვა, ყველა და ყველაფერი შეიცვალა. მის მიმართ შავი პიარი აგორდა.
შ.ლ. – შავი პიარი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი მეგობრების გარემოცვაც განზე გამდგარიყო?
ნ.მ. – ერთ მაგალითს დაგისახელებთ და მიხვდებით… ადამიანები, რომლებიც ჩემ გარემოცვაში თითქმის მუდმივად იყვნენ, მიმოიფანტნენ, გამრიყეს და ურთიერთობა დაასრულეს – „ფილმი“ დამთავრდა!… ჩემს ირგვლივ, მხოლოდ უახლოესი მეგობრების ძალიან ვიწრო წრე დარჩა.
შ.ლ. – მოსკოვში საცხოვრებლად გადასულ ვასილ პავლოვიჩს, ლეონიდ ილიჩი დაეხმარა?
ნ.მ. – ბრეჟნევმა ოთხოთახიანი ბინა გადასცა მამას, მოსკოვის ცენტრში, ასევე აგარაკი, მანქანა და პირადი მძღოლიც დაუნიშნა. ამ ყველაფერთან ერთად ბრეჟნევმა მამაჩემს სამი თანამდებობა ერთდოულად შესთავაზა, თუმცა მანამდე მათ შორის კომფიდენციალური საუბარი გაიმართა.
შ.ლ. – მეტყვით რაზე ისაუბრეს?
ნ.მ. – რაც ჩემს წიგნში უნდა დამეწერა, ყველაფერი თქვენ გიამბეთ, თუმცა იმდენად საინტერესოდ მიგყავთ ინტერვიუ, რომ მზად ვარ ეს დეტალიც გაგიმხილოთ.
ბრეჟნევს, მამა 22 სექტემბერს კრემლში შეხვდა, მის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე… საუბარი ძალიან მეგობრულ გარემოში შედგა, რომლის დროსაც ბრეჟნევმა მამაჩემს პენსიაში გასვლა ურჩია. „იქ ისეთი ამბავია, სჯობს პენსიაზე გახვიდე და სანაცვლოდ თანამდებობას აქ შემოგთავაზებ“-ო.
ბრეჟნევი, მამაჩემს საბჭოთა კავშირის მასშტაბით დოსააფის ხელმძღვანელის პორთველს სთავაზობდა, მეორე შეთავაზება ვეტერანტა საბჭოს თავმჯდომარეობას ითვალისწინებდა, ხოლო მესამე, ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩად მივლინებას, თუმცა მამამ, თანამდებობებზე უარი განაცხადა. მას პოლიტიკაში ყოფნა აღარ სურდა…
შ.ლ. – როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია რომ მჟავანაძისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი წლების განმავლობაში ძალიან ეფექტურად მუშაობდა. დედათქვენს „ბრილიანტის დედოფალსაც“ კი უწოდებდნენ… საიდან გაჩნდა ეს ტერმინი?
ნ.მ. – ეს ყველაფერი შევადნაძისგან მოდიოდა. ის იყო ამ ყველაფრის „დირიჟორი“. მის მიერ მოგზავნილი ჟურნალისტებიც კი ვერ მალავდნენ ამას, ეს ძალიან კარგად იგრძნობოდა, ყველაფერს თავდაყირა აშუქებდნენ, უკიდურესად ტენდენციურად და ნეგატიურად.
დედას და მამას ლენინგრადის ბლოკადა ჰქონდათ გავლილი და სიმდიდრისკენ მიდრეკილება საერთოდ არ გააჩნდათ.
თქვენ თავად იმყოფებით აქ… ეტყობა აქაურობას კილოგრამობით ოქროებისა და ბრილიანტობის?
ახლა კიდევ ერთ, სრულიად ექსკლუზიურ ინფორმაციასაც გაგიმხელთ. როდესაც პეტრე გელბახიანი დაიჭირეს, შევარნაძემ მას პირადად შეუთვალა, რომ მინიმალურ სასჯელს მოიხდიდა, თუ მამაჩემის დანაშაულის კვალზე გაიყვანდა.
შ.ლ. – დანამდვილებით იცით ეს ინფორმაცია, რაიმეს ხომ არ აზვიადებთ?
ნ.მ. – ეს ინფორმაცია უტყუარია! შევარდნაძის მიერ გელბახიანზე ზეწოლა დიდი ხანი გრძელდებოდა. ორი ადამიანი, იყო ამ ფაქტის პირდაპირი მოწმე, დღეს ისინი სამწუხაროდ ცოცხლები აღარ არიან…
შევადნაძის არაადამიანური ქმედებები კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა სვანეთიდან გზავნილი…
შ.ლ. – რა გზავნილი მიიღო შევადნაძემ?..
ნ.მ. – შევარდნაძეს პირდაპირ შეუთვალეს, პეტრე გელბახიანს, თუკი ვინმე ციხეში შეავიწროვებდა, ის ვერ გაიხარებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო!
შ.ლ. – აქამდე გაუგონარ ამბებს მიყვებით, თქვენ წიგნს კი არა, ალბათ, წიგნებს დაწერთ, მაგრამ ყველაფერს თუ ჩემთან იტყვით, იქ რაღას გამოაქვეყნებთ?
ნ.მ. – მინდა, რომ ხალხმა თქვენი პუბლიკაციის მეშვეობით სიმართლე გაიგოს.
შ.ლ. – დიდი მადლობა ასეთი დამოკიდებულებისთვის, ძალიან ვაფასებ თქვენს გულახდილობას.
ამასობაში კი საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოგვივიდა, თუმცა ამ ყველაფრის მოკლედ აღწერა შეუძლებელი იყო. დასასრულისკენ უნდა წავიდეთ...
ვასილ მჟავანაძემ სიცოცხლის ბოლო წლები მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში გაატარა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. ბატონი ვასილის სამშობლოში საბოლოოდ „დაბრუნება“… მისი ანდერძის თანახმად მოხდა?
ნ.მ. – დიახ, ეს იყო მისი ანდერძი, მამა უზომოდ იყო საქართველოზე შეყვარებული და როდესაც დედაჩემი, 1982 წელს გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენა და აქ დაკრძალა.
შ.ლ. – შევარდნაძე დაესწრო პანაშვიდს?
ნ.მ. – მოვიდა… და მერე გამოჩნდა ყველა! მანამდე, ორი დღის განმავლობაში ჩვენი ოჯახის გარემოცვის ძალიან ვიწრო წრის გარდა, არავინ გვეკარებოდა, ისინიც ღამე მოდიოდნენ.
ერთადერთი რაც შევარდნაძისგან „სიკეთე“ მახსოვს, მამას, მისი მეუღლის საბურთალოს სასაფლაოს პანთეონში დაკრძალვა შესთავაზა, რაზეც მამაჩემმა უარი განუცხადა. დედა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, შესაბამისად, მამაც მის გვერდითაა დაკრძალული…
შ.ლ. – სევდიანი ფინალი გამოგვივიდა… მაგრამ ეს სევდა, ვასილი პავლეს ძე მჟავანაძის ცხოვრებისეული გზის, თანმდევი, განუყოფელი ნაწილი იყო…
ძალიან დიდი მადლობა ასეთი ექსკლუზივისთვის, წარმატებებს გისურვებთ და მჯერა, მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავს თქვენი მკითხველი თქვენივე დაწერილი წიგნიდან.
ნ.მ. – როდესაც წიგნი გამოიცემა, თქვენ ამ წიგნს აუცილებლად გაჩუქებთ!
დიდი მადლობა, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
სპეციალურად “კვირასთვის” ინტერვიუ მოამზადა შალვა ლონდარიძემ. სარედაქციო თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.