სოზარ სუბარი: ევროპაში სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება, ჩვენ კი თეთნულდის სახით საოცარი შესაძლებლობები გვაქვს
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.
სხდომაზე თეთნულდის კურორტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები მინისტრს „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა სოზარ სუბარმა და ვიქტორ ჯაფარიძემ.
„როგორც ამბობენ, წელს საბოლოოდ იხურება ერთ-ერთი სამთო-სათხილამურო კურორტი ალპებში, საფრანგეთში; შარშან კიდევ ერთი დაიხურა; მთლიანობაში, ევროპაში 2234 კურორტიდან 1185, ანუ 53% ძალიან მალე დაიხურება, იმიტომ, რომ თოვლი არ მოდის. კურორტი თეთნულდი გაიხსნა 2016 წელს და ბოლო რამდენიმე წლის გარდა (რატომღაც არ ტარდება ჩემპიონატი), ივნისის პირველ ნახევარში ტარდებოდა ჩემპიონატი ხელოვნური გათოვლიანების გარეშე, ბუნებრივ თოვლზე. ანუ, საოცარი შესაძლებლობები გვაქვს. ძალიან კარგია, რომ ბაკურიანი-გუდაური მსოფლიო სათხილამურო კალენდარშიც და რუკაზეც მოინიშნა, როგორც ძალიან წარმატებული კურორტები, მაგრამ, თეთნულდზე უნდა ვთქვა, რომ 2016 წლის შემდეგ არც ერთი მეტრი არ მიმატებია. პრაქტიკულად, სამოთხეა, რისი გაკეთებაც შეიძლება და გაკეთება რომ შეგვიძლია, ამის მაგალითია გვერდით, კურორტი ჰაწვალი, სადაც გადაწყვეტილების მიღებიდან ზუსტად ოთხ თვეში ძალიან მაგარი საბაგიროები გაკეთდა. დიდი მადლობა ამისთვის სამინისტროს და პრემიერ. მაინტერესებს, თეთნულდზე რას ვგეგმავთ უახლოეს მომავალში?” – ჰკითხა მინისტრს სოზარ სუბარმა.
ასევე, ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატზე დაუსვა კითხვა ლევან დავითაშვილს ვიქტორ ჯაფარიძემაც.
„თქვენ ბრძანეთ, რომ 2024 წელს სვანეთში ჩატარდება ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატი. არსებული ინფრასტრუქტურით არ მგონია, ის ჯეროვნად ჩატარდეს და ხომ არ იგეგმება ფრირაიდის ჩემპიონატთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ლევან დავითაშვილის თქმით, მსოფლიო ტურის ჩასატარებლად დღეს კურორტი თეთნულდი სრულ მზადყოფნაშია.
„იყო თეთნულდზე კითხვა, თუ რა ინფრასტრუქტურა და რა მშენებლობა იგეგმება, იმისთვის რომ ჩვენს მიერ დაანონსებული ფრირაიდის 2024 წლის ღონისძიებები ჩავატაროთ, საერთაშორისო ტური. მსოფლიო ტურის ჩასატარებლად, დღეს ფრირაიდისთვის თეთნულდის კურორტი სრულ მზადყოფნაშია, ამაზე შეფასება დადო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ, რომლის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ მიმდინარე წელს. მათმა ექსპერტულმა დასკვნამ ცხადყო, რომ თეთნულდის კურორტი სრულად მზადყოფნაშია, იმისთვის რომ ფრირაიდის მსოფლიო ტური საქართველოში ჩატარდეს“, – განაცხადა მინისტრმა.