ლევან დავითაშვილი: მგზავრთნაკადისა და ავიარეისების ზრდის შესაბამისად, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აეროპორტების განვითარება
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წელს, პანდემიამდელ ანუ 2019 წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა 85%, ხოლო რეისების აღდგენის მაჩვენებელმა 88% შეადგინა.
„2023 წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წელს მგზავრების რეკორდულ ოდენობას – 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 750,000-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც, ერთი წლის ჭრილში, პირველი პრეცედენტია ქუთაისის აეროპორტისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, დაგეგმილია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება, ასევე 50 000 მგზავრზე გათვლილი ახალი სამგზავრო ტერმინალისა და სანავიგაციო კოშკურის მშენებლობა თელავის აეროპორტში, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება, რომელიც ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახურება.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო მეტი ავიამიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ვიმუშავეთ ჩინეთთან მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხებზე და შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე. იმედი გვაქვს, რომ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებთანაც გვექნება დაკავშირებადობა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე აღსანიშნავია ინდური ავიაკომპანია „ინდიგოს“ შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც საქართველოსა და ინდოეთს შორის ფრენების შესრულება მიმდინარე წლის 8 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის, ნიუ დელისა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირით ხორციელდება.