დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან თემატურ მოკვლევაზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე  თემატურ მოკვლევაზე იმსჯელეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტმა საქართველოში ინოვაციებისათვის ხელსაყრელი და წამახალისებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისთვის საჭირო ცვლილებების იდენტიფიცირების მიზნით  თემატური მოკვლევა დაიწყო.

„ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით” მოკვლევის ფარგლებში კომიტეტმა  საკითხის ზეპირი მოსმენა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან უკვე გამართა. დღეს შეხვედრა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის ხელშემწყობი ინსტრუმენტების თაობაზე  მოსაზრებები დააფიქსირეს. 

დავით სონღულაშვილის თქმით, ჩატარებული თემატური მოკვლევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პრობლემების გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა.

 „კომიტეტში ჩატარებული თემატური მოკვლევა ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც კომიტეტის ფარგლებში შესაძლებლობას გვაძლევს ამა თუ იმ მიმართულებით, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გამოვიკვლიოთ კონკრეტული პრობლემები, რომელზეც უკვე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ვმსჯელობთ. ამის შემდეგ დგება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებსაც, როგორც ჩვენ გამოვიყენებთ სახელმძღვანელოდ, ასევე შესასრულებლად გადაეგზავნებათ კონკრეტულ უწყებებს” , – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

 თემატური მოკვლევა ტარდება ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II პროექტის (AA Facility) თანადგომით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები