მიხეილ ხიდურელი საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს შეხვდა, რომლის ინიციატივითაც უმსხვილეს საუდურ კომპანიებთან მოლაპარაკებები გაიმართა
საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს, მათ შორის საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ ფალიჰდას, არაბულ მსხვილ კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო მიზიდულობა და უცხოელი ინვესტორებისთვის არსებული შესაძლებლობები გააცნო.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში-ს” ინფორმაციით, საუდის ინვესტიციების სამინისტრო ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ პორტფელს მართავს. შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში.
“რიადში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდა.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო შეღავათები, ხელს უწყობს ინვესტორებს საქართველოში წარმატებით განახორციელონ საქმიანობა.
შეხვედრები გაიმართა მსხვილ არაბულ კომპანიებთან, მათ შორის ენერგეტიკისა და უძრავი ქონების დარგის კომპანიებთან, რომელთაც საკმაო დაინტერესება გამოხატეს საქართველოს მიმართ.
ამასთან, ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
სააგენტოს დირექტორის თქმით, „აწარმოე საქართველოში” მზად არის მომავალშიც გააგრძელოს მჭიდრო კომუნიკაცია არაბულ კომპანიებთან, საქართველოში მათი მხრიდან ინვესტიციების მოზიდვისა და არსებულის გაზრდის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.