მამუკა მდინარაძე: ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილია აქციები, შესაბამისად, ვალდებულნი ვართ, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე ამის პრევენცია მოვახდინოთ

“ვინც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს, ადამიანების აფეთქებას და იმ გეგმას, რომელიც სუს-მა გაამჟღავნა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილია აქციები, მმართველი გუნდი კი ვალდებულია, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე ამის პრევენცია მოახდინოს.

„სუს-ი ინფორმაციით, ოქტომბერ-დეკემბერში, როცა ერთის მხრივ, კანდიდატის სტატუსის საკითხზე დასკვნა უნდა გახდეს ცნობილი, ხოლო დეკემბერში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ძალადობრივი აქციების ჩატარებასა და ამით ხელისუფლების შეცვლას გეგმავენ. სუს-მა ეს გაახმოვანა და თქვა, რომ ამაში KANVAS-ის წარმომადგენლები არიან ჩართული, იმართება შესაბამისი ტრენინგები და ასე შემდეგ. ალბათ, გუშინდელი ჩანაწერებიც მოისმინეთ – ბავშვთა ონკოლოგიაზე სადმე იყო საუბარი? რევოლუციურ გამოცდილებას უზიარებდნენ? ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილია აქციები. შესაბამისად, ვალდებული ვართ, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე ამის პრევენცია მოვახდინოთ. თუ ამას ეწინააღმდეგები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ თანამზრახველი, თანამონაწილე მოსურვე იმისა, რომ კარვებში ადამიანები ააფეთქონ და ადამიანების გარდაცვალებაზე რევოლუციური გეგმა გავიდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლითაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები