პაკისტანში 8 პირისგან შემდგარი ჯგუფი დააკავეს, რომელიც ადამიანებს თირკმელებს აჭრიდა, ზოგჯერ – მათი ნებართვის გარეშე
პაკისტანში რვა პირისგან შემდგარი ჯგუფი დააკავეს, რომელსაც ექიმი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი ადამიანებს უნებართვოდ აჭრიდა თირკმელებს და ყიდდა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ზოგიერთი დონორი ოპერაციას არ დათანხმებულა.
როგორც პროვინცია პენჯაბის მთავრობის ხელმძღვანელმა, მოჰსინ ნაკვიმ განაცხადა, ექიმი ფავად მუხტარი თირკმლის ამოღების ოპერაციებს სახლში ატარებდა, ხშირად – პაციენტების თანხმობის გარეშე.
ნაკვის თქმით, ოპერაციების დროს ექიმს ასისტენტობას ავტომექანიკოსი უწევდა, რომელიც, თავის მხრივ, პაციენტების მოზიდვაში მონაწილეობდა.
ჯამურად, სულ მცირე, 328 ოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, სულ მცირე სამი დონორი გარდაიცვალა.
გამომძიებლების თქმით, დაკავებულები თირკმელებს უცხოელ კლიენტებზე 10 მილიონ რუპიად ყიდდნენ ($120,000), ხოლო ადგილობრივებზე – სამ მილიონ რუპიად.
მოჰსინ ნაკვიმ თქვა, რომ ექიმი მუხტარი ხუთჯერ არის დაკავებული, თუმცა, თავისუფლების აღკვეთას კორუმპირებული პოლიციელების დახმარებით გადაურჩა.
პაკისტანში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა 2010 წელს აიკრძალა. ხელისუფლებამ მკაცრი ზომებიც შემოიღო, მაღალი ჯარიმები და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა.
თუმცა, ეს ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის და კორუმპირებული პოლიციელების პირობებში, ორგანოებით ვაჭრობა ისევ გრძელდება.