ლევან დავითაშვილი აბასთუმანში მშენებარე სასტუმროების ინვესტორებს შეხვდა
ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა კურორტ აბასთუმანში მშენებარე მაღალი კლასის სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების, მათ შორის, რესტორნებისა და გასართობ-დასასვენებელი სივრცეების ინვესტორებთან მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული არსებული საკითხები და კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში არსებული სამშენებლო სამუშაოები.
ლევან დავითაშვილის თქმით, კურორტის განვითარების მიზნით, სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაში კერძო სექტორთან, რომლებიც ჩართულები არიან კურორტის რეაბილიტაციაში.
„ინტენსიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ინვესტორებთან, რომლებიც მაღალი კლასის სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების მშენებლობას ახორციელებენ აბასთუმანში, რითაც საკუთარი წვლილი შეაქვთ კურორტის განვითარებაში. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, აბასთუმანი გახდება უნიკალური კურორტი, რომელიც ათასობით სტუმარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმურად მიმდინარეობს და სამუშაოების საკმაოდ დიდი ნაწილი დასრულებულია. როგორც იცით, ჩვენს მიერ გაცხადებული გეგმით, კურორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის იქნება მზად და დღეის მდგომარეობით, მიმდინარე თუ შესრულებული სამუშაოები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ განახლებული აბასთუმანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.