რუსეთში ბუდანოვს ტერორიზმში ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის უფროს კირილ ბუდანოვს და კიდევ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს ტერორისტული აქტებისთვის დაუსწრებლად დასდო ბრალი.
რუსეთი ტერაქტებად მიიჩნევს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, მოსკოვზე დრონების თავდასხმებს.
ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა კირილ ბუდანოვს; უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურს, ნიკოლაი ოლეშჩუკს; საზღვაო ძალების სარდალს, ალექსეი ნეიჟპაპას; ასევე, დისტანციურად მართვადი აპარატების 383-ე ცალკეული პოლკის მეთაურს, სერგეი ბურდენიუკს.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია, მაგრამ ბუდანოვმა არ უარყო ქერჩის ხიდზე აფეთქებაში მონაწილეობა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ბუდანოვს და სხვა პირებს ადანაშაულებს „2022 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე 100-ზე მეტი საჰაერო თავდასხმის ორგანიზებასა და განხორციელებაში მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში; ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ქალაქ სევასტოპოლში; როსტოვის, ბელგოროდის, ბრაიანსკის ოლქებსა და რუსეთის ფედერაციის რიგ სხვა ტერიტორიაზე”.