Bloomberg: ევროპელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებით
უკრაინის დასავლელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან აშშ-ში შექმნილი ვითარებით, სადაც შიდაპოლიტიკური ბრძოლის გამო უკრაინის სამხედრო დახმარება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ევროპაში შიშობენ, რომ აშშ იზოლაციონიზმისკენ სწრაფვასა და საშინაო პოლიტიკაზე ფოკუსირებას დაიწყებს, – ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.
ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, უკრაინას ამერიკული დახმარების მხრივ სიტუაცია შემაშფოთებელია და საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტას.
მისი თქმით, პუტინი და სხვა აგრესორები შესაძლოა გათამამდნენ დასავლეთის ურყევი მხარდაჭერის ნაკლებობით.
კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც სააგენტო Bloomberg-ი მოიხსენიებს „ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერად“, პროგნოზირებს ამ სიტუაციის შემდგომ გაუარესებას აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.
„უკრაინის მხარდამჭერთა უმეტესობისთვის ეს მოულოდნელი იყო. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმ ქვეყნების აღზევება, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინას. ეს [სიტუაცია] აშკარად გამოსწორებადია, მაგრამ გვიჩვენებს დისკუსიის სირთულეს“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Bloomberg-თან ინტერვიუში.
ზოგიერთი მოკავშირე მიუთითებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარებზე, რომელმაც დაავალა კონგრესს სწრაფად აღედგინა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსება.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ფაქტობრივად ნათლად აჩვენა, რომ ეს არ ცვლის მის შეხედულებას შემოწირულებების და დაფინანსების გაგრძელებაზე“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, გრანტ შაპსმა.
კიევში ევროკავშირის კოლეგებთან მოლაპარაკებების წინ სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისი მთავრობა მუშაობს აშშ-ის კონგრესის ორივე მხარესთან მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ არ გვჯერა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა განადგურდა, რადგან შეერთებულ შტატებს ესმის, რა დევს სასწორზე უკრაინაში“, – აღნიშნა კულებამ ჟურნალისტებთან საუბრისას.