„გამარჯვება თანამშრომლობაზეა დამოკიდებული“ – ზელენსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში მყოფ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და მთელ თავისუფალ სამყაროს რუსეთთან ამ დაპირისპირების მოგება შეუძლია.
„მაგრამ ჩვენი გამარჯვება პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლობაზე: რაც უფრო ძლიერ და პრინციპულ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი. სამართლიანად დასრულდება. დასრულდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით და მშვიდობის საიმედო გარანტიით მთელი ევროპისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მინისტრების კიევში ვიზიტს ევროპის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„ჩვენ მუდმივად გვჭირდება ახალი თავდაცვისა და დიპლომატიური, პოლიტიკური და ინტეგრაციის, ეკონომიკური და სანქციების კუთხით ნაბიჯების გადადგმა, რაც ჩვენს საერთო პოზიციებს გააძლიერებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.