მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, აშშ ის სახელმწიფო იყოს, რომელიც სხვა სახელმწიფოში გეგმავდეს რევოლუციებს

“არავითარი გადაფარვის მცდელობა და არაფრის დამალვის მცდელობა არ არის, კონკრეტული ინფორმაციაა, რომელსაც ყველამ მოუსმინა, ინტერპრეტაციისთვისაც კი მიზეზი არ დაუტოვებია გავრცელებულ ინფორმაციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მას არ ჰგონია, ამერიკის შეერთებული შტატები ის სახელმწიფო იყოს, რომელიც სხვა სახელმწიფოში რევოლუციებს გეგმავდეს.

„ასეთ დამაჯერებლობით მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, ვინ რა მოტივაციით აკეთებს რაღაცას, უმჯობესია, ოპოზიციამ გასცეს კითხვას პასუხი, მაგალითად, რამდენად ლეგიტიმურად ან რამდენად მართლზომიერად მიაჩნიათ, როდესაც ცალკეული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან და საუბრობენ კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ, მიუხედავად იმისა, მიზეზი იარსებებს თუ არა, რევოლუციური სცენარი უნდა გათამაშდეს საქართველოში და თბილისის ქუჩებში უნდა დაიდგას მაიდნის სცენარი? ეს ვინმეს რამდენად ლეგიტიმურად ეჩვენება? ამაზე გასცენ პასუხი და შემდეგ გააკეთონ შორს მიმავალი დასკვნები, ვინ რა მოტივაციით შეიძლება, ავრცელებდეს ასეთ ინფორმაციას. არავითარი გადაფარვის მცდელობა და არაფრის დამალვის მცდელობა არ არის, კონკრეტული ინფორმაციაა, რომელსაც ყველამ მოუსმინა. ინტერპრეტაციისთვისაც კი მიზეზი არ დაუტოვებია გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან პირდაპირაა ნათქვამი, ვის რა განზრახვა ამოძრავებდა. საზოგადოებამ ისიც დაინახა, რომ ამას ღიად ვერ ამბობდნენ და შეფუთეს ეს ყველაფერი, ვითომ ეს აქტივობა კულტურის სფეროში რაღაც პროტესტის გამოხატვის მექანიზმების სწავლებას ისახავდა მიზნად. მართლაც ძალიან უხერხული ამბავია და ვისურვებდი, რომ ამაზე საუბრის საჭიროება არ არსებულიყო. ნამდვილად არ შეშვენის რეალურად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ასეთი დამოკიდებულება. ნამდვილად არ არის სასიხარულო ეს არც ჩვენთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასეთი დამოკიდებულების ღრმად მწამს. არ მგონია, ამერიკის შეერთებული შტატები ის სახელმწიფო იყოს, რომელიც სხვა სახელმწიფოში გეგმავდეს რევოლუციებს და ა.შ.“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები