გივი მიქანაძე: როცა საგანგაშო ინფორმაციაა სუს-ის მხრიდან გაჟღერებული, არ ვაპირებთ არცერთი წუთის დაკარგვას
“თქვენი კითხვიდან გამომდინარე, ნებისმიერი კანონი, სანამ მივიღებთ, თურმე ვენეციის კომისიაში უნდა ვაგზავნოთ. საგანგაშო ინფორმაცია გააჟღერა სუს-მა და არ ვაპირებთ არცერთი წუთის დაკარგვას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე განაცხადა, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება.
მისივე თქმით, მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანია.
“პარლამენტი არის საქართველოში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც იღებს კანონებს და ახორციელებს კონტროლს მათ განხორციელებაზე. თქვენი კითხვიდან გამომდინარე, ნებისმიერი კანონი, სანამ მას მივიღებთ, თურმე ვენეციის კომისიაში უნდა ვაგზავნოთ და ეუთო/ოდირში. არის კონკრეტული საკითხები, რომელთა გადაგზავნა ხდება, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი იქნა კონკრეტული ცვლილებები ვენეციის კომისიაში, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან არის დაკავშირებული. ეს საკითხი, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, როცა არის ასეთი საგანგაშო ინფორმაცია სუს-ის მხრიდან გაჟღერებული და როცა დღეს უკვე გამოვლინდა კონკრეტული მტკიცებულებები, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, არ ვაპირებთ არც ერთი დღის და წუთის დაკარგვას და ჩვენ უნდა მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები, რომ პრევენციულად ვიმოქმედოთ”, – განაცხადა მიქანაძემ.