განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებას და სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებას, რომელიც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობით ჩარიცხვას ითვალისწინებს.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

როგორც მომხსენებელმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა განაცხადა, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტში ცვლილება არ განხორციელებულა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა განათლებისა და ეკონომიკის სფეროებში სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობისთვის გამყოფს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას 10.000.000 ევროს ოდენობით. კომიტეტმა წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები