ლევან იოსელიანი: USAID-თან ძალიან კარგი, ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს, ამ ორგანიზაციის მიმართ მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მეთქმის
USAID-თან ძალიან კარგი, ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს. ამ ორგანიზაციის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 26-29 სექტემბერს ჩატარებული კონფერენცია, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა, USAID-ის დაფინანსებული იყო.
„USAID-ი ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია, რომელთანაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება და ძალიან კარგი, ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს. ეს ორგანიზაცია ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და USAID-ის მიმართ მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მეთქმის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში.