კახა კალაძე: შემაშფოთებელი და მძიმე ფაქტია, როცა აშშ-ის განვითარების სააგენტო ქვეყანაში არეულობის გეგმას აფინანსებს
ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ ჩვენი ქვეყნის მტრებს გააჩნიათ. თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელი და მძიმეა ფაქტი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო ამ ყველაფერს აფინანსებს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს შეეხება.
კალაძე USAID-ის წარმომადგენლების მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება.
“რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი ფაქტია. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით არა ერთი განცხადებაა გაკეთებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომლებიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტრებს გააჩნიათ, თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელი და მძიმეა ფაქტი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო აფინანსებს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ამას ახსნა-განმარტება სჭირდება და ჩვენ შესაბამის პასუხს ველოდებით, რომ ეს ყველაფერი ახსნილი იყოს. ასევე, ჩვენ უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც პარალელური დათვლის გაყალბება მოხდა. ესეც USAID-ის დაფინანსებული იყო, მათი მხრიდან ხორციელდებოდა აღნიშნული პროექტის დაფინანსება. ძალიან ბევრი შემაშფოთებელი და სამწუხარო ფაქტი გროვდება მათი ჩართულობით, რომელიც მტრობას პირდაპირ ასახავს. ეს საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, აუცილებლად გვჭირდება განმარტებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.