“სექტემბრის მდგომარეობით, ორ წელიწადში 2 500-ზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა სააკაშვილთან, არავითარი უფლებრივი სტანდარტის დარღვევასთან არ შეიძლება, გვქონდეს საქმე” – თორნიკე ჭეიშვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან 2 500-ზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა, ამავდროულად, ის უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, საუბარი იყოს სააკაშვილის რაიმე უფლების დარღვევაზე.
„ორი წელია გასული პენიტენციურ სისტემაში შემოსვლის დღიდან და სექტემბრის მდგომარეობით, 2 500-ზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა აღნიშნულ პატიმართან. ძალიან მარტივი არითმეტიკით, 1 250 ვიზიტორი საშუალოდ წლის განმავლობაში, რაც, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ადასტურებს, რომ არავითარი უფლებრივი სტანდარტის დარღვევასთან არ შეიძლება გვქონდეს საქმე. ამას ამყარებს ისიც, რომ, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი არის უზრუნველყოფილი ყველა იმ სამედიცინო სერვისით, რომელიც შეიძლება მას სჭირდებოდეს. პრეისტორიასაც თუ გავიხსენებ, მათ შორის, გლდანის ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მომხდარიყო შესაბამისი სამედიცინო სერვისის გაწევა და ცოტა გამიკვირდა, როდესაც გაჟღერდა, თითქოს, რაღაც მიზანმიმართულ, არაადამიანურ მოპყრობასთან შეიძლება, გვქონოდა საქმე. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით. გარდა იმისა, რომ ამას ჩვენ ვერ ვეთანხმებით, ამას ასევე ადასტურებს, როგორც ეროვნული სასამართლოების, ისე საერთაშორისო სასამართლოების, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებზე, როდესაც არაერთგზის იქნა უარი ნათქვამი შესაბამისი დროებითი ღონისძიებების გამოყენებაზე, იქნებოდა ეს, ერთი მხრივ, საზღვარგარეთ გადაყვანა, თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც იყო მოთხოვნილი. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ საზოგადოებას განვუმარტო, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა ძირითადი უფლება, რომელიც შეიძლება იყოს აქტუალური, პატიმართან მოპყრობისას. ამას ადასტურებს სასამართლოს შესაბამისი ისტანციები“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.