ანკარაში ტერაქტის შემდეგ, თურქეთმა ერაყში ქურთების პოზიციები დაბომბა

ანკარაში 1-ელ ოქტომბერს შსს-ს შესასვლელთან ტერაქტის შემდეგ, თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყზე საჰაერო იერიშები მიიტანა და ქურთული დაჯგუფებების 20 ობიექტი გაანადგურა.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, – იტყობინება Anadolu.

უწყებაში აღნიშნეს, რომ თურქმა სამხედროებმა საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ბაზებზე ერაყის ჩრდილოეთით – გარიში, ჰაკურკში, მეტინსა და ყანდილში.

„ავიაიერიშების შედეგად, განადგურდა 20 ობიექტი – გამოქვაბულები, თავშესაფრები, ბუნკერები, სამალავები და საწყობები, რომლებსაც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია იყენებდა და რომელშიც, სავარაუდოდ, იმალებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის მაღალი რანგის წევრები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

1-ელ ოქტომბერს ანკარაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

დაშავდა ორი პოლიციელი.

მეორე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა​ PKK-მ აიღო, რომელსაც ჩრდილოეთ ერაყში ბაზები გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები