ზაზა ხალვაში – ეკრანის პოეტი, ვისმა წვლილმაც გაამდიდრა ქართული კინემატოგრაფიის ლანდშაფტი
ზაზა ხალვაშთან ორმოცი წლის ნაცნობობა მაკავშირებდა და არაერთხელ გამიზიარებია აზრი მის კინოზე, ზაზამ გადაიღო საყურადღებო ფილმები, რომლებიც საოცრად ჰგავდა მის პიროვნებას – გულწრფელს, ფიქრიანს, ძალიან ადამიანურს. მუდამ მახარებდა მისი ახალი ფილმი, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდხანს აღარ მიეცა კინოს კეთების საშუალება, რაც უდავოდ მისი მოწოდება იყო. კინოსთვის ულმობელი ხანა მოვიდა და ის იძულებული გახდა, ადმინისტრაციულ საქმეებზე გადართულიყო და წარმატებული კარიერაც ჰქონდა. იმ პერიოდში რამდენჯერმე შევხვდი და სადაგი ჟამი ვუსურვე, რაც შეიძლება მალე დაბრუნდებოდა თავისი სიცოცხლის არსს – კინოს.
მერე პირადად აღარ მინახავს, სამაგიეროდ ვნახე მისი „ნამე”, რომელიც 2017 წელს გადაიღო. ამ ფილმით ვირწმუნე, ზაზას ამოუწურავი სულიერი მადანი, რომელიც აქ გაბრწყინდა და ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია.
ერთი ასეთი ფილმი რომ გამოუვიდეს ხელოვანს, ეს უკვე მნიშვნელოვანი წვლილი და შენამატია ზოგადად კულტურისთვის. ზაზამ თავისი დიდი მასწავლებლების – რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის, ასევე ქართული კინოს დიდოსტატების – ოთარ იოსელიანის, ძმები შენგელაიების, ალექსანდრე რეხვიაშვილის, რეზო ესაძის ესთეტიკას ნაზიარებმა შექმნა სრულიად სხვაგვარი რამ. ყველა ამ ხელოვანის მთავარი მიღწევის გამოძახილი იგრძნობა და მაინც ეს უკვე დამოუკიდებელი ხმაა, ზაზა ხალვაშის კინოა, ისეთივე წმინდა და ხელუხლებელი როგორც „ნამეს” ტბა.
ამ ფილმის მნიშვნელობა და ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი „საოსკარე“ ნომინაციაში მოხვედრა. ვიდრე ყბადაღებულ და მყვირალა ფესტივალებს, მსგავსი კინო იმ ხალხს და ქვეყანას უფრო სჭირდება, სადაც ეს შედევრი დაიბადა. ეს ფილმი ყველამ უნდა ნახოს საქართველოში, სასკოლო პროგრამაში აუცილებლად სანახავ და განსასჯელ სახელოვნებო ნიმუშად გავხდიდი. ახალგაზრდა თაობებმა, ვინც ეს ქვეყანა უნდა ააშენოს, „ნამედან” ძალიან ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამეს შეისისხლხორცებს, ისწავლის მოსმენის, მოთმინების, თანაცხოვრების კულტურას, რომლის ნაკლებობის გამოა, რომ ამდენ ძალადობას და უსამართლობას ვაწყდებით საზოგადოებაში.
2019 წლის მიწურულს ზაზა ხალვაშმა გადაიღო ფილმი „ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე”, რომელიც ბოლო აღმოჩნდა ამ უნიჭიერესი ხელოვანისთვის. 2020 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა და ფილმის მონტაჟი დაუსრულებელი დარჩა.
მისმა შვილმა თამთა ხალვაშმა, რომელიც ანთროპოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორია, ითავა ამ ფილმის დასრულება. წლეულს ფილმი „ლოტო” 27 იანვარს უჩვენეს როტერდამის (ნიდერლანდები) საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექტემბერში კი მისით გაიხსნა „ბიაფი”, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი. ოქტომბრის შუა რიცხვებში კი „ლოტოს” ბრიუსელი უმასპინძლებს. „ბიაფმა” მხოლოდ სარიტუალო მისიით დატვირთა აღნიშნული ფილმი-შედევრი. იქ სხვა ფილმებმა იმარჯვეს. რას იზამ, გემოვნება ძალზე ინდივიდუალური რამ არის და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას, ვერ და არც განვსჯი. უბრალოდ, გავა დრო, ყველა ფილმი თავის დამოუკიდებელ გზასავალს განაგრძობს და გამოიკვეთება, რომ „ლოტომ” დროს გაუძლო: ათი, ოცი და 50 წლის შემდეგაც სანახავ ფილმად დარჩება. საკუთარ ქალაქში კი თავის დროზე ბედმა არ გაუღიმა. ასეთი პარადოქსებიც ხდება, ესეც ჩვენი კულტურის ნაწილია.
„ლოტო” არის საქართველოში ბოლო 30 წელიწადში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კინოპოემა. მისი ჟანრისა და ფორმის სახელდება გამიჭირდება. მთავარია, რომ ის იყურება ერთი ამოსუნთქვით. მე პირადად ერთხელ არ მეყო მისი ყურება და ორჯერ ვნახე. მეორედ ხილვისას კიდევ ბევრი დაფარული პლასტი გაიხსნა ჩემთვის. ეს ფილმი ძალიან ადამიანურ ისტორიებზეა, მაგრამ სიტყვებს მაინც ნაკლებად ემორჩილება მათი გადმოცემა. უფრო მუსიკალურ ქმნილებას ჰგავს, რომლის კინემატოგრაფიული რიტმი მთლიანად გშთანთქავს, იქ ხარ, იმ კონკრეტულ კადრს მიჯაჭვული… მთელ ფილმს მსჭვალავს ერთგვარი კარნავალურობა, მისი მონაწილე პერსონაჟები ქმნიან ამგვარ ფერადოვნებას შავ-თეთრ კინოში. მათი ყურება არის ღიმილის მომგვრელი, სევდიანი, ხანაც გროტესკული და მაინც ყველაფერზე აღმატებული აქ სიცოცხლის ხალისია. გიტარისტი დენისის, ასევე აიჰანასა და ზურიკოს ისტორია „ლოტოს” ყველაზე სახიერ სამკაულად უნდა ჩაითვალოს.
მე ფედერიკო ფელინსაც მაგონებს ამ ფილმის ესთეტიკა და მიხეილ კალატოზიშვილსაც, ორ გენიალურ ქართველსა და იტალიელს, ვინც კინოს ისტორიას მაჟორული კვალი დაატყო. ფილმს ჰყავს ფენომენალური ოპერატორი გიორგი შველიძის სახით, მისი გემოვნება და აზროვნება ყოველ კადრში ასაჩინოებს გამოუცნობ და თან ამოუწურავ ზღვარს. ფილმის დასაწყისი და ფინალი კი მართლაც გამორჩეული სინატიფით არის შესრულებული, რომლის სიახლე ბოლო კადრებს ერთგვარ აპოთეოზად თუ კარნავალად აქცევს. ფილმის ყველა პერსონაჟი ესწრება კონცერტს, ისინი თვალებით ელაპარაკებიან ერთმანეთს და ყველაფერს შთანთქავს ღვთაებრივი მუსიკა. აქვე უნდა გამოვარჩიო ხმის დიზაინერის იონას მაკსვიტისის და ორიგინალური მუსიკის ავტორის მინგო ეგერსმანის მკაფიო წვლილი.
მუხრან მაჭავარიანს აქვს ასეთი სტრიქონები: „ამ ქუჩაში კომუნიზმი ვერ შემოეტევა” – ეს ფრაზა ამოტივტივდა ჩემს გონებაში, როცა ფილმში, ბათუმის ვიწრო, უსახურ ქუჩაზე თეთრი ლიმუზინი გამოჩნდება. კომუნიზმი ვერა, მაგრამ ლიმუზინი ნამდვილად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც თანდათან ღირსეული ცხოვრების პირობები და ურთიერთობებიც უნდა მოჰყვეს.
ამ დღეებში ზაზას ფრაზებს წავაწყდი, რადიო „თავისუფლების” დღიურებში, სადაც ამბობს: „ჩემი სოფლის სახლი კოსტოხაზე ფიჭვებში ჩამალული, რომ დგას მთის წვერზე, დაღონებული მელოდება. მოიწყინა უჩემოდ”.
ზაზამ სამუდამო განსასვენებელი მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში პოვა, შეიძლება დაღონებულმა სახლმა „იგრძნო შვება”, მაგრამ თავისი ნაადრევი წასვლით ზაზამ დაღონება და სინანული ჭრილობასავით დაატყო ოჯახის წევრებს და მისი ყადრის მცოდნე საზოგადოებას, რომელიც საკმაოდ დიდია და კიდევ უფრო გაფართოვდება.
ზაზას მეუღლემ, ქალბატონმა ნინო პაპუნიძემ და შვილებმა არაჩვეულებრივი პროექტი მოიაზრეს და განახორციელეს – ზაზა ხალვაშის სახელობის კინოდარბაზი აჭარის მაღალმთიან სოფელ გეგელიძეებში, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება მთელ რეგიონში. რამხელა მოვლენაა ამ სოფლისთვის, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდა თაობისთვის? საგანმანათლებლო და ესთეტიკური აღზრდის ცენტრის არსებობა ამ სოფლის სიმკვიდრესაც შეუწყობს ხელს და მის მომავალსაც უფრო საიმედოს გახდის.
ზაზას სახელობის კინოდარბაზი შეიძლება იქცეს დიდი მიზიდულობის ცენტრად ტურისტებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს გოდერძი ჩოხელის მუზეუმი სოფელ ჩოხში, ასევე – მთის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი მესტიაში. საქართველოს ამ სამმა ადგილმა, თუკი მათ არსებობას გონივრულად გამოვიყენებთ და დავგეგმავთ კინოსთან დაკავშირებულ სპეციალურ პროექტებს, ისინი უმალ მიიქცევს ყურადღებას. მთელ მსოფლიოში ამართლებს და ეკონომიკურად ძალიან მომგებიანია სოფლის (Rural) კინოფესტივალები. დიდ ბრიტანეთში ასეთი რამდენიმეა და მათ ხალისით სტუმრობს ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ტურისტიც.
ერთ პროექტად რომ ჩამოყალიბდეს მესტია-ჩოხი- გეგელიძეების მონახულება და აქაურ კინოცენტრებში სტუმრობა, შესაფერი რეკლამირების პირობებში მსგავსი მარშრუტი მალე მოიპოვებს საერთაშორისო ინტერესს. ისეთი კინორეჟისორების სამშობლოში, როგორებიც არიან ზაზა ხალვაში და გოდერძი ჩოხელი, ერთ პაწია მთიან ქვეყანაში კინოსთან დაკავშირებული ამდენი ისტორია და ნიჭიერება შეუძლებელია შეუმჩნეველი და შეუფასებელი დარჩეს, რაც ამ რეგიონებს ცოცხალ ადგილებად გადააქცევს.
კინოდარბაზები მთაში, გარკვეული სიახლეა, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაზრდის და მის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება. ეს იქნება თვალსაჩინო დასტური, თუ როგორ შეიძლება ინტელექტუალურმა ღირებულებამ სახელმწიფოს ფინანსური მოგებაც მოუტანოს.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან