“პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა საზოგადოების, არამედ ოპოზიციის ინტერესებით” – ანრი ოხანაშვილი

“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა საზოგადოების ინტერესებით და საზოგადოების წინაშე არსებული ანგარიშვალდებულებით, არამედ ხელმძღვანელობს ოპოზიციის ინტერესებით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წინაშეა ანგარიშვალდებული”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვფიქრობ, საზოგადოება აფასებს, ხვდება და დასკვნებსაც აკეთებს, თუ რით არის განპირობებული, რომ კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების წინაშე ანგარიშების ჩაბარების ვალდებულებას გრძნობს.

რაც შეეხება მის ვიზიტებს, იცით, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევით წარმოებული, ამ საკითხზე, მომდევნო კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში გვექნება განხილვა. საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ მსგავსი უხეში, მიზანმიმართული კონსტიტუციის დარღვევა სწორედ მათ შორის ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოა. როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავს, ეს ნიშნავს, რომ ის უგულებელყოფს ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს, მისთვის ქვეყნის ძირითადი კანონი არაფერს ნიშნავს. ეს სამწუხაროა. იმედი გვაქვს, სამართლებრივად დადასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის უხეშ დარღვევას”,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები