“რესპუბლიკურ პარტია MAGA-ს ექსტრემისტები აშინებენ, ტრამპი ამერიკულ დემოკრატიას უქმნის საფრთხეს” – ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ამერიკულ დემოკრატიას უქმნიან საფრთხეს.
ამის შესახებ მან არიზონაში გამოსვლის დროს თქვა.
”ახლა ამერიკაში რაღაც საშიში ხდება”, – თქვა ბაიდენმა და გულისხმობდა ტრამპის მუქარებს ამჟამინდელი ადმინისტრაციის წევრების მიმართ.
ბაიდენმა პატივი მიაგო გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის, არიზონას წარმომადგენლის, ჯონ მაკკეინის ხსოვნას. პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ბაიდენი და მაკკეინი მეგობრები იყვნენ.
ადგილობრივ ხელოვნების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს მაკკეინის გამბედაობა აკლია და ეს განსაკუთრებით საჭიროა, რადგან „ისტორიამ მიგვიყვანა გამოცდების ახალ დრომდე“.
”არსებობს ექსტრემისტული მოძრაობა, რომელიც არ იზიარებს ჩვენი დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. ეს არის MAGA-ს მოძრაობა”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღნიშნული აბრევიატურა ტრამპის ლოზუნგს ეკუთვნის – Make America Great Again.
ამასთან, ბაიდენმა თქვა, რომ ყველა რესპუბლიკელი არ იზიარებს MAGA-ს მოსაზრებებს. თუმცა, მისი თქმით, ”ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ რესპუბლიკურ პარტიას MAGA-ს ექსტრემისტები აშინებენ”.
მან ჩამოთვალა სხვადასხვა ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ცდილობდა ტრამპი, რომ დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა. მაგალითად, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო მოხელე გაეთავისუფლებინა, რომ ისინი თავისი მეგობრებით ჩაენაცვლებინა.