დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო შეთანხმებებზე იმსჯელა.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სხვადასხვა დროს ხელმოწერილ ფინანსურ ხელშეკრულებებში ხდება საბაზისო საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებების განახლება და ახალი ტერმინების დამატება.
ცვლილება შეეხება „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას (საქართველო – ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი)” N3, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას (მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები)” N1, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას (საქართველო – წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი)” N1, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსურ ხელშეკრულებას (საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II)” N2, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია)” N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებას”. მომხსენებლის თქმით, ამ ეტაპზე ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართა წარმოდგენილ ხელშეკრულებებში საბაზისო საპროცენტო განაკვეთის შესახებ ჩანაწერების ცვლილებასთან დაკავშირებით. კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.