დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე იმსჯელა.
პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა კოლეგებს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 771-ე მუხლში.
კერძოდ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი და საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის, პირველივე შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 1500 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 5000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – 10 000 ლარით. მომხსენებლის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსით აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების შემთხვევაში აქამდე დაწესებული ჯარიმები დარღვევის ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა.
„არსებული რეგულაციის ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა, რამაც შესაძლებელია მიიღოს უფრო ეფექტური პრევენციული ხასიათი. პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.