განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს და ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა მოისმინეს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში, ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, მცირდება ინფლაციის მაჩვენებელი.

მისივე თქმით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დეფიციტის და ვალის შემცირება იყო.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში დაიგეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვისას დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით განხორციელდა. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები 520 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 420 მლნ ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ხოლო 100 მლნ მუნიციპალური ბიუჯეტის წილი. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, ზრდა არის 315 მლნ ლარი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება 200 მლნ ლარი, ხოლო 115 მლნ ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება განათლების მიმართულებაზე გაამახვილა. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბიუჯეტის ათვისება მაღალია.

„წლის პირველ ნახევარში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 979 მლნ ლარის ათვისება მოხდა, რაც დაგეგმილის 100.3%-ია. სკოლამდელი და ზოგადი განათლება, რომელიც ყველაზე დიდი პროგრამაა, 675 მლნ ლარზე მეტია ათვისებული და გვაქვს 100%-იანი შესრულება. პროფესიული განათლების კუთხით შესრულების მაჩვენებელი 100%-ზე მეტი, 55 მლნ ლარზე მეტია ათვისებული, უმაღლესი განათლების მხრივ – 107%, 84 მლნ ლარამდეა ათვისებული, მეცნიერების და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით 39 მლნ ლარზე მეტია და აქაც 102%-ია შესრულების მაჩვენებელი, ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც 100%-იანი შესრულება გვაქვს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 47 მლნ ლარით. 34,8 მლნ ლარით იზრდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება, 10,5 მლნ ლარით იზრდება მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯები. 1.7 მლნ ლარი კი სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბიუჯეტში შესატან ცვლილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები