ნიკა მელია: გამოვრიცხავთ რომელიმე, სხვა არსებულ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას ან გაერთიანებას
“მე და არც ჩვენი მეგობრები გაუთავებლად არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილსა და კეზერაშვილზე საუბარს. ეს გასაგებია, მთელმა ქვეყანამ იცის, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” რეალური მართვა ამ ადამიანების ხელშია”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მისი გუნდი სხვა პარტიაში გადასვლას ან გაერთიანებას არ გეგმავს.
“ის, რაც პარტიაში მოხდა და ხდება, არ არის მცირე ამბავი, პირიქით, გამოწვეულია ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით. შედეგად მიღებულია მძიმე, ღრმა ჭრილობა, რომელიც არ არის შეხორცებული და შეიძლება არც არის შეხორცებადი. ლოგიკურ დასასრულამდე ეს პროცესი უნდა მივიდეს და ჩვენ, უმრავლესობა რასაც ვაკვირდებით ამ თვეების განმავლობაში ვფიქრობთ, რომ ღია მსჯელობა უნდა გაიხსნას, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც დღეს არიან მენეჯმენტში. მე და არც ჩვენი მეგობრები გაუთავებლად არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილსა და კეზერაშვილზე საუბარს. ეს გასაგებია, მთელმა ქვეყანამ იცის, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” რეალური მართვა ამ ადამიანების ხელშია, ამიტომ აქედანაც არის გამომდინარე ეს უდიდესი კონტრასტული სხვაობა.
ჩვენ გამოვრიცხავთ რომელიმე, სხვა არსებულ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას ან გაერთიანებას. ბუნებრივია, ეს აზრადაც არავის არ მოსვლია,” – განაცხადა ნიკა მელიამ.