ბექა დავითულიანი: 31 ოქტომბრამდე ყველაფერი მოესწრება, არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება სტატუსი არ გაიცეს
“31 ოქტომბრამდე ყველაფერი მოესწრება, არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება სტატუსი არ გაიცეს. იმედია, ყველა კეთილგონივრულად მოიქცევა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
მისივე თქმით, ყველაფერი პროცედურების მიხედვით ხდება.
„31 ოქტომბრამდე ერთი თვეა დარჩენილი. ბორელის ვიზიტის დროს შედგენილი იქნა გეგმა, რის მიხედვითაც, უნდა გვემოქმედა რეკომენდაციების შესასრულებლად, ეს ყველაფერი ბატონი ბორელისვე რეკომენდაციით უნდა გადავგზავნოთ ვენეციის კომისიაში, რომელიც ევროსტრუქტურების საექსპერტო ბიუროა. ვფიქრობ, ისინიც მალე შეეცდებიან, დასკვნა დაიდოს. მოქმედების გრაფიკი შედგენილი იყო ბორელთან ერთად, პროცედურა შეთანხმებული იყო ევროკომისიის მენეჯმენტთან, ვმოქმედებთ პროცედურის მიხედვით. ვფიქრობთ, ყველაფერი მოესწრება 31 ოქტომბრამდე. არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება ეს სტატუსი არ გაიცეს, იმედი მაქვს ყველა მოიქცევა კეთილგონივრულად”, – განაცხადა დავითულიანმა.