პატრიარქმა მითხრა: – „ახლა, ის არის მამა… შენ ხარ შვილი“ – ინტერვიუ ტარიელ ხარხელაურთან

ინტერვიუ, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. როგორია პოეტ ტარიელ ხარხელაურის მიერ განვლილი შემოქმედებითი და ცხოვრებისეული გზა, აქამდე ნაკლებად ცნობილი და სრულიად უცნობი დეტალებით, დღევანდელ, ექსკლუზიურ მასალაში.

შ.ლ. – ბატონო ტარიელ, მოგესალმებით! რა კარგი კარ-მიდამოა, კარგად მოვლილი, შესანიშნავი გარემოა, სიმშვიდე…

ტ.ხ. – გამარჯობა, შალვა! მობრძანდი. გამახარა შენმა  სტუმრობამ. აი, აქ დაბრძანდი.

შ.ლ. – ძალიან მიყვარს სიმყუდროვე, მშვიდი გარემო.  ჩემთვის ეს უდიდეს კომფორტს ნიშნავს… ლექსების უდიდესი უმრავლესობა, ალბათ, აქ გაქვთ ხომ დაწერილი?

 ტ.ხ. – შალვა, რა არის იცი? ადამიანს შინაგანი კომფორტი უნდა ჰქონდეს, ესაა მთავარი. ასეთი გამოთქმა არსებობს – „საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიხურო“. ჩვენ ეს უარვყავით… და გონებრივ კომფორტზე აღარ ვფიქრობთ, არადა, ეს გვჭირდება.  გონებრივი კომფორტი თუ არ წამოვიდა წინ, ჩვენ მუდამ ამ დღეში ვიქნებით.

შ.ლ. – სამწუხაროდ ასეა…

ტ.ხ.- ჩვენ გვგონია, რომ სასწავლებელი და დიპლომი განათლებას ნიშნავს. ანალიზის უნარი თუ არ გვაქვს, აზრი ეკარგება ყველაფერს – ხვალინდელი დღე კეთილი არ გვექნება. შინაგანად უნდა გავიზარდოთ, განვვითარდეთ. უწიგნურობის ბრალია, დღეს რომ მთელი სამყარო თითს გვიქნევს. ილიას აქვს ნათქვამი „ქვათა ღაღად“-ში, – ისეთი უბედური ერი ვართ, ყველას დაბალი ღობე ვგონივართ. ვისაც უნდა ისე გადაგვალაჯებს, არც შეგვეკითხებაო…

შ.ლ. – მეც გამოგყვებით ამ მოსაზრებაში.  უწიგნურობა, ბევრი პრობლემის გამომწვევი მიზეზია. უწიგნური კაცის მანიპულირება ადვილია…

ტ.ხ. – ასეა, რადგან უცოდინარი ადამიანი გონებრივად გაკოტრებულია.

 შ.ლ. – სავსებით გეთანხმებით. ისე, ცოდნა მრავალმხრივია და ადამიანი ყველაფრის მცოდნე ვერ იქნება, მაგრამ არის ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი – ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ისტორია კარგად უნდა იცოდეს, რომ არც საკუთარი ღირსება შეალახინოს ვაი „კეთილისმსურველს“ და არც ქვეყნის.

ტ.ხ. – საკუთარიც უნდა იცოდე და სხვისიც. შენ უნდა იცოდე, სხვებისგან რით განსხვავდები, რით ხარ გამორჩეული, სწორედ გამორჩეულობის გამო გებრძვიან…

შ.ლ. – დიახ, ასეა… მე-20 საუკუნის დასაწყისის მაშინდელ გაზეთებში, ჩვენი „ვაიგულშემატკივრები“  სტატიას, სტატიაზე ბეჭდავდნენ, რომ ქართველებს სოროების თხრის მეტი, თურმე არაფერი შეგვეძლო. თუმცა, იმავე საუკუნის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავაშენეთ!

 ტ.ხ. – მანამდე ხომ გვქონდა გელათის აკადემია?!

შ.ლ. – დიახ,იყალთოს აკადემიაც.

ტ.ხ. – შალვა, შვილო… ერს, რომელსაც შეუძლია რუსთაველი დაბადოს, ის ერი როგორ შეიძლება გონებრივად ნაკლული იყოს?!

შ.ლ. – დიახ! მაგრამ ყველას ეს არ ესმის, ან არ სურს ამის გაგება.

ტ.ხ. – დიახ, ძალიან კარგად იცი ჩვენი ისტორია და ასე მოვდივართ…

შ.ლ. – არსებობს კიდევ ერთი უდიდესი შემაფერხებელი ფაქტორი – ერთმანეთისადმი შური…

ტ.ხ.- ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრძოლა, სამწუხაროდ  ძალიან „კარგად“ გვეხერხება. ერთმანეთის დამარცხება გვიხარია. ჩვენი მეზობელი, ჩვენზე უკეთესი რომ იყოს, არ გვინდა… ქართულ ხასიათში ზის…

ჩვენზე უკეთესი რომ მოვიდეს ქართულ მწერლობაში, არ გვინდა, იმიტომ რომ პოპულარობას -( ამ მახინჯ ფორმას) ვკარგავთ… ამიტომ არ გვინდა ნიჭიერი კაცის მოსვლა. არადა, როგორ უნდა მოხდეს ევოლუცია და ერის განვითარება, თუ ჩვენზე ნიჭიერი არ მოვა?! ღმერთმა დაიფაროს, რომ ჩემზე ბევრად ნიჭიერი კაცი არ მოვიდეს, ეს იქნება ქვეყნის ტრაგედია…

შ.ლ. – ცოტა მოულოდნელი რაკურსით დაიწყო ჩვენი საუბარი, მაგრამ ეს ბუნებრივი მომენტი არ დავკარგე და ამ დაუგეგმავ გასაუბრებას ინტერვიუში აუცილებლად გამოვიყენებ. ვფიქრობ, თქვენი საუბრიდან საინტერესო,საყურადღებო აზრს ამოიკითხავს ჩვენი მკითხველი.

გარემო მომეწონა ძალიან-მეთქი – თქვენთან საუბარი ამ აღწერილობით დავიწყე. თქვენგან ლექსის წერის პრეისტორიას მინდა გავეცნო და გავაცნო მკითხველს. რამდენადაც ვიცი, ლექსებს ბავშვობიდან წერთ. აი, ამ ბავშვობაში მინდა დაგაბრუნოთ… სულ რამდენიმე წუთით. როგორ მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შემდეგ დიდ პოეტად გარდაგქმნათ?

ტ.ხ. – ბავშვობიდან ვწერდი, მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ რაიმე ტიტულის მოპოვება მინდოდა.

ლექსი ასეთია – ემოციით სავსე ხარ და გინდა, დაიცალო. ლექსი ჩემი განტვირთვის საშუალება იყო. მას რომ ფურცელზე გადაიტან, ნახავ, რომ ამ ემოციისგან გათავისუფლდები, მეორედ გადატანის შემთხვევაშიც ასე ხდება… არასოდეს მეგონა, თუ როდისმე ხალხის ასეთ უპირობო სიყვარულს დავიმსახურებდი.

ხშირად ვამბობ, რომ შოთა  თავისი ჰუმანიზმით ჩემთვის მიუწვდომელია, სამყაროსთვის არის მიუწვდომელი… ავიღოთ დავით გურამიშვილი – მავანთ ჰგონიათ, რომ გურამიშვილი ხელწამოსაკრავი პოეტი იყო… ნიკოლოზ ბარათაშვილი გვყავდა… მერე ილიას თაობა მოვიდა, მოვიდა ვაჟა, გალაკტიონი, ლადო, მირზა, მუხრანი, ანა კალანდაძე მოვიდა ბოლობოლო…. ამ დროს კალამთან იჯდე და ამპარტავანი იყო – სირცხვილია…! სხვისი ნიჭის პატივისცემა თუ არ შეგიძლია, ვერასოდეს ჩამოყალიბდები კაცად! პიროვნება უნდა იყო პირველ რიგში და მერე პოეტი.

შ.ლ. – ჩვენი საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ლექსის წერის მომენტს ემოციისგან გათავისუფლება ახლავს თან და ეს შინაგანი ემოციები ბავშვობიდანვე გადაგქონდათ ფურცლებზე… საინტერესოა, როდის გაჩნდა თქვენში ის განცდა, რომ პოეტი იყავით…

ტ.ხ. – როგორც კი ჩათვლი, რომ უკვე პოეტი ხარ, შენი ზრდა ჩერდება. მიზანი მუდმივი ზრდა უნდა იყოს. ყველას, ვინც კი კალამთან ზის, პოეზიის მწვერვალზე მოხვედრა სურს, მაგრამ იქ… ადის ერთი, ან ორი, სამი კაცი. თუკი სიმაღლეზე ვერ ახვალ და ქვემოთ მოექცევი, უნდა იცოდე, რომ შენ ამ რჩეულთათვის სარბიელი ხარ, შენზე უნდა გაიაროს იმ ერთმა კაცმა, შენ ხარ საშუალება, რომ რჩეულებმა მწვერვალს მიაღწიონ, ყველაზე დიდი დატვირთვა ზუსტად შენ გაქვს.

შ.ლ. – რა ოსტატური ახსნაა, რა განსხვავებული შეფასება… თურმე სუსტებსაც რამხელა მისია შეიძლება დაეკისროთ…

ტ.ხ. – წარმოიდგინეთ, სულ რომ ვაჟა გვყავდეს, შეფასებებში ხომ ვერ ვიქნებოდით ობიექტური, ან სულ რომ გალაკტიონი გვყოლოდა, პოეზია ხომ ჩვეულებრივი  იქნებოდა…

ბუნებამ ჰარმონიის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. არის ყველაზე მაღალი მწვერვალი, მერე მოდის დაბალი რელიეფი, რომელსაც ყველაზე მეტი ჯაფა ადგას. ავიღოთ მყინვარი და გამოვაცალოთ საყრდენი… რამდენ ხანს ვუყურებთ ამ მყინვარს?.. მთელი დღე შეგვეძლება ვუცქიროთ? – არა, მოგვბეზრდება! ხიბლი, მხოლოდ სიმაღლეში  არაა! ეს დაბალი რელიეფებია ლამაზი. მათ ყველაფერი გაიღეს, რომ ის მყინვარი ამაღლებულიყო…

შემოქმედებაშიც ასეა – არ უნდა იფიქრო, რომ შენ ყველაზე დიდი ხარ… ყველაზე უკეთესი არ ხარ! უბრალოდ, შენ შეგხვდა შენი დროის კარგი მკითხველი.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობასთან არ მაქვს შემოქმედებითი წყვეტა. არაფერი ხარ, თუ შენს ლექსს, მხოლოდ შენივე თაობა კითხულობს. არც მაშინ, როდესაც შენი ლექსებით შვილების თაობაა აღფრთოვანებული… აი, როდესაც შენივე ლექსებს შვილიშვილების თაობა მოჰკიდებს ხელს, უკვე მათთან ხარ პასუხისმგებელი და შეგიძლია თქვა, რომ შენი ტკივილის გადატანა მათ ენაზე – შეძელი… ანდა, მათივე ტკივილში, რომელსაც ისინი ვერ აღიქვამდნენ – შენი სიო შეიტანე.

შ.ლ. – ძალიან ბევრი ხელოვანი ვიცი, რომელიც გაჭირვებაში გაიზარდა, თუმცა, არიან გამონაკლისები, თუნდაც ილია, აკაკი და ა.შ. თქვენი აზრით, კომფორტში უფრო ადვილია ლექსის წერა, თუ გაჭირვებაში?

ტ.ხ. – მე ვფიქრობ, არც ერთია და არც მეორე. წერის დროს, შენი შინაგანი ხმა უნდა გესმოდეს გონებაში. როდესაც პოეზიისთვის შენი სივრცე თავისუფლდება, უნდა იცოდე, ამ დროს რა გააკეთო. ამ მომენტში სამყაროდან გადიხარ… ლექსი გონებაში უნდა ხარშო და როდესაც შენთვის სასიამოვნო სახეს მიიღებს, მზად უნდა იყო ფურცელზე გადასატანად, მანამდე კი კალმისკენ ხელი არ უნდა გაგექცეს.

პოეზია სიტყვების გადაადგილების ხელოვნებაა, მეტი არაფერი. ჩვენ ერთნაირად ვსაუბრობთ, მაგრამ მე ამ სიტყვების წყობას ვახდენ.

 შ.ლ. – თქვენმა ამ შედარებამ ერთი აზრისკენ მიბიძგა. შეიძლება ითქვას, რომ პოეტი სიტყვების არქიტექტორია?

ტ.ხ. – ასეც შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად არის, მაგრამ არასოდეს უნდა გაგიტაცოს სიტყვის გამოგონების თვითმიზანმა, რომ ხელოვნურად რითმა გამოიგონო. ვაჟას რითმებს ვერცერთი პოეტი გაეჯიბრება: „დღემ დაიხურა პირბადე მთებმა დახუჭეს თვალები, აღარ შფოთავენ საფლავში გმირთ ოფლისმღვრელი ძვალები.“

თვალები და ძვალები არაფერი რითმაა, მაგრამ აბა, დახედეთ, ვაჟა როგორ ხატავს ბუნებას… აქ შენთვის რითმა აღარ არის. ვაჟას საგანთან მიჰყავხარ და მასთან გტოვებს. ორნი რჩებით, შენ და ის…

ასეა პოეზია… პოეტად ყოფნის ხიბლმა და სახელის მოხვეჭამ არ უნდა გაგიტაცოს და  ჭეშმარიტ ლექსთან მიხვალ!

შ.ლ. – ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს თქვენს შემოქმედებას, ცნობადობა კიდევ სხვა რამეა. მე ვიტყოდი, რომ  ხალხს უყვარს თქვენი პოეზია. ამ წუთიდან უფრო მეტად მინდა გავაცნო ჩვენს მკითხველს ტარიელ ხარხელაური.  მომიყვებით თქვენი ბავშვობის შესახებ?

ტ.ხ. –  ფიზიკურად საკმაოდ სუსტი ვიყავი… სუსტი ფილტვები მქონდა, სულ ნემსების ქვეშ ვიყავი. ასე გაგრძელდა 15 წლამდე. იმ დროსაც ვცდილობდი ჩემი სამყაროს შექმნას. ყოველთვის გავურბოდი ხალხმრავლობას და თავშეყრის ადგილებს. ამის გამო ზედმეტსახელიც კი შემარქვეს – „გარეული“. თამაშითაც გარკვეულ ზღვრამდე ვერთობოდი, დიდხანს არ შემეძლო. ამაზე დროს ვერ დავკარგავდი, ფიქრი მჭირდებოდა…

შ.ლ. – ასე დაგინახეთ ახლა, ძალიან დინჯი ბავშვი უნდა ყოფილიყავით. არ მგონია ვცდებოდე…

ტ.ხ. – დიახ, მშვიდი ვიყავი. არასოდეს ვიყავი ჩხუბის მოყვარული და მავნე, არასოდეს! მერე, როდესაც ფიზიკურად განვვითარდი, ვცდილობდი რომ ჩემი ძალა ვინმესთვის არ დამეპირისპირებინა, ყოველთვის მაღლა ვაყენებდი ჩემ წინ მოსიარულეს და, ახლაც ასე ვარ.

შ.ლ. – ეს თქვენს დიდსულოვნებაზე მეტყველებს, რაც იშვიათია…

ტ.ხ. – ჩემო შალვა, შვილო, რა არის იცი?! არის მომენტი, როდესაც რამდენიმე სტროფს დაწერ და, მერე შენივე თავი შეგეცოდება, რადგან ამ სტრიქონის დამწერი შენ არ ხარ… ვინც პოეზიის მადლი მოგცა, იმას უნდა ემსახურო, არა შენთვის, არამედ პოეზიისთვის.

გართობისთვის გამოსაყენებელი დრო არ მაქვს. არც არასდროს მქონია. ახლაც, სულ წიგნებს ვკითხულობ და იმიტომ არა, რომ 100 ფურცელი გადავფურცლო. მირჩევნია 10 გვერდი წავიკითხო და ანალიზი გავაკეთო, განსაკუთრებით მაინტერესებს პოეზიაში სად გაუჭირდა ავტორს, სად დაუშვა შეცდომა… ავტორი, როდესაც ხელოვნურ სტრიქონს დებს, ის ეტყობა.

შ.ლ. – ადვილად ამჩნევთ, რა პრინციპით ხვდებით ავტორის სიყალბეს?

ტ.ხ. – ადვილად ვამჩნევ, ვინაიდან ავტორს ნებისყოფა არ ეყო… წერის დროს, თუ გონება ჩაიკეტა და ვეღარ წერ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ლექსისთვის არ ხარ მზად, ამ დროს უნდა დადო კალამი და გახვიდე…

შ.ლ. – როდისმე დამარცხებულხართ საკუთარ ლექსთან,  დაგიდიათ კალამი და გასულხართ?..

ტ.ხ. – ეს დამარცხებას არ ნიშნავს, ესაა პასუხისმგებლობა. შენ მიხვდი, რომ შენი მოპირისპირე შენზე ძლიერია…

შ.ლ. – ის რომ ძლიერია, შენს სისუსტეზე არ მეტყველებს?

ტ.ხ. – შენ იტოვებ დროს მომზადებისთვის. აი, ერთი ლექსი მაქვს ასეთი, რომელსაც ამ სიტყვებით ვიწყებ: „დაჰხურეთ ზეცა, ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ“. ამ სტრიქონის მერე, როგორ გინდა ლექსი გააგრძელო? უნდა გაჩერდე…

შ.ლ. – როგორ დაიწერა ეს ლექსი, მეტყვით?

ტ.ხ. – როდესაც კალამთან ვიყავი, გონებრივი სივრცე თითქოს დაბინდული იყო და  გათავისუფლდა, ნისლი რომაა და ქარი გადაჰყრის, ისე მოხდა. გავთავისუფლდი, ბედნიერების წამი ვიგრძენი.

 შ.ლ. – ამ ლექსიდან რომ გახვედით და შემდეგ ისევ შემოხვედით, როგორ იგრძენით ეს შემოსვლა?

ტ.ხ. – წერის დროს მქონდა სურვილი – კიდევ გამეგრძელებინა, მაგრამ გონება დაიბინდა… მეორე დღეს გადავიკითხე და მივხვდი, ეს ლექსი იქ უნდა დამემთავრებინა, სადაც წინა დღეს დავასრულე.

შ.ლ. – დღევანდელ ინტერვიუში, ჩვენს მკითხველს კიდევ ერთხელ წარვუდგენ ამ შესანიშნავ ლექსს:

დაჰხურეთ ზეცა, ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ,

   მოსწიეთ მთვარე, მოსაყრელად დამიდგით მუხლის,

                                       და თქვენ, ქარებო, ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,

                                       რომ ჩემმა გმინვამ გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.

      სულნო შეშლილნო, ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,

  რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით იგრძნოს სამყარომ,

    გადამიტანეთ, მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,

   მიწის ცხელ მკერდზე ვარსკვლავებად გამომაყაროს.

შ.ლ. – ინტერვიუს დროს, თქვენს ბავშვობაზე გაგიმახვილეთ ყურადღება და მკითხველი მისთვის აქამდე უცნობ დეტალებს გაეცნო. ამისთვის მადლობა, თქვენ! რომ დღევანდელ საუბარში ასე გულახდილად მომყვებით.

სტუდენტობაზეც გკითხავთ… თქვენი ბიოგრაფიის შესახებ, ასეთი რამ იკითხება –  1976 წელს, 30 წლი სასაკში ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან საბუთები გადაიტანა დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე და ასე დაამთავრა უნივერისტეტი.

გამიმხელთ სტუდენტობის დროინდელ საინტერესო დეტალებს?

ტ.ხ. – მე, სამწუხაროდ, სტუდენტობის წლები არ გამივლია. მიმიღეს, როგორც ჩამოყალიბებული პოეტი.

 შ.ლ. მისაღები გამოცდები არ ჩაგიბარებიათ?

ტ.ხ. – არა და არც სახელმწიფო გამოცდები ჩამიბარებია…

შ.ლ. – რა საინტერესო დეტალია… და ვინ ითავა თქვენი სტუდენტობა, როგორ მოხდა ეს?

ტ.ხ. – პროფესორებმა, რომლებიც ჩემი მეგობრები და ჭეშმარიტი პოეზიის  დამფასებელნი იყვნენ. ჩემთვის, უნივერსიტეტი ყველაზე დიდი ტაძარია, ყველაზე წმინდა ტაძარი! ღმერთმაც მაპატიოს და ყველამ… მე რომ უნივერსიტეტში შევდივარ, სხვანაირი განცდა და დამოკიდებულება მაქვს.

სოლომონ ხუციშვილი  გაღიმებული სახით რომ დაგხვდება კიბეზე და გადაგეხვევა, გადაგკოცნის… ზურაბ ჭუმბურიძე რომ დაგხვდება, როინ მეტრეველი, ელგუჯა ხინთიბიძე, ჯემალ აფციაური, თენგიზ სანიკიძე, ლუბა ჯიქია, ზურაბ კიკნაძე, ოთარ ონიანი, იურა ჯაფარიძე, კოტე ჭრელაშვილი… საოცარი ადამიანები…

ჩემთვის პროფესორი მიუწვდომელი სიმაღლე იყო და ასეა დღესაც.

პირველი წელი შევძელი ლექციებზე დასწრება, მაგრამ მეორე კურსიდან, გამიჭირდა და ჩემი ძვირფასი მეგობრის, ვახუშტი კოტეტიშვილის დახმარებით, თავისუფალი დასწრების ნება დამრთეს.

 შ.ლ. – როგორც ვატყობ, ქალაქში ცხოვრების რიტმს ვერ გაუძელით, შესაბამისად, ეს სწავლაზეც აისახა…

ტ.ხ. – მახსოვს, თავის დროზე შოთა რევიშვილმა მითხრა: „ბიჭო, სირცხვილია, სად გარბიხარ“-ო. ერთხელ კიდევ, ნათელა ქუთელიამ ლექციიდანაც კი გამომაგდო. მერე მასთან დავმეგობრდი და თავისი იმდროინდელი ფიქრებიც გამიმხილა… „შენ ლექციაზე გაკვირდებოდი ხოლმე და მუდმივად სხვაგან იყავი, სულ მეგონა, ახლა წამოდგება ტარიელი და დაგვჭამს სუყველას“-ო.

 შ.ლ. – მაშინაც ლექსზე ფიქრობდით, ალბათ, ხომ?

ტ.ხ. – ჩემთვის მუდმივად ასეა. ვფიქრობ… როდესაც საზოგადოებაში ვზივარ, ჩემთვის ეს საზოგადოება გარკვეული დროით არის საინტერესო…

შ.ლ. – რაღაცნაირად, დანაშაულის განცდა გამიჩნდა. ახლაც, შეიძლება დიდ დროს გართმევთ, არადა, ლექსზე ფიქრი გსურთ, მე კი…

ტ.ხ. – არა, არა… პირიქით! ხანდახან არის მომენტი, რომ განტვირთვა გჭირდება… ჩემთან როდესაც სტუმარი მოდის, ის სტუმარი არაა, ის არის ექიმი, რომელიც მმკურნალობს. რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თემაზე სოფელში ვერ ისაუბრებ, სოფლისთვის ეს უცხოა, ქალაქში კიდევ… მე არ ჩამოვდივარ, ქალაქი არ მიყვარს. აქ, თბილისზე არაა საუბარი, ზოგადად – ქალაქზეა.

 შ.ლ. – ქალაქში იღლებით…

ტ.ხ. – ქალაქი მღლის… ეს ურთიერთობები, ეს დამოკიდებულებები, ყალბი…

 შ.ლ. –  სოფელი ალალია?

ტ.ხ. – სოფელიც აღარ არის ალალი, ისიც ამ დროის ქვაბში მოხვდა… სოფელმა მაშინ დაკარგა თავისი ღირებულება, როდესაც პაპაჩემის, მამაჩემის თაობა გავიდა… მათ ბუნებასთან საუბარი შეეძლოთ. დღეს, უკვე სხვა დროა. ადამიანები, თითქოს, მხოლოდ საზრდოს ძიებაში არიან, რომ სახლში რაიმე მიიტანონ.

შ.ლ. – როგორ ფიქრობთ, ეპოქამ მოიტანა ეს დღევანდელობა, თუ ადამიანმა?

ტ.ხ. – ეპოქას ადამიანი არ ქმნის?

შ.ლ. – ამიტომაც გკითხეთ…

ტ.ხ. – ადამიანი თავის შესაფერის ეპოქას თავად ქმნის. მას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი დროის კარნახია, არაა მართალი, ეს სიცარიელის კარნახია. დღეს ადამიანებს მგლის მადა გაეხსნათ,  მგელი გახდა ადამიანი… სისხლის წყურვილი აქვს. ლომი რომ დანაყრდება, აღარ ნადირობს, მგელი კი სანამ არ დაიღლება, სურვილი აქვს, ყველა გაწყვიტოს. სანამ მოასწრებს, ყველაფრის განადგურების სურვილი ამოძრავებს. ეს ყველაფერი კი ისტორიის უცოდინრობამ განაპირობა.

შ.ლ. – უცოდინრობამ და უპატივცემლობამ, რადგან შეიძლება ძალიან კარგადაც იცოდე ისტორია, თუმცა, ამის მიუხედავად, შენივე საქციელით არც საკუთარ თავს სცე პატივი და არც სხვას.

ბატონო ტარიელ! ამ წუთიდან ძალიან მტკივნეულ თემას მინდა შევეხო და ეს თქვენივე ნათქვამმა განაპირობა. რამდენიმე წუთის წინ განაცხადეთ, რომ ადამიანი თავისი შინაგანი ბუნებით მგლად გადაიქცა. ჩვენი საუბრისას,  ასეთი აზრი განვითარდა, რომ საზოგადოებაში  უდიდესი აგრესიაა დაგროვილი… ამ შეფასების ფონზე, მინდა, გაოცებულმა გკითხოთ… როგორ მოხდა, რომ თქვენი შვილის მკვლელს ეს უდიდესი დანაშაული აპატიეთ… როგორ შეძელით ეს, რანაირად?..

ტ.ხ. – როცა კალამთან ზიხარ, ეს უფლის მადლია. ამ მადლის გამო უნდა იცხოვრო ისე, როგორც უფალი გთავაზობს!.. ის გეუბნება – „გიყვარდეს მტერი შენი“…

შ.ლ. – გვეუბნება, მაგრამ არათუ მტერი, ხანდახან მოყვასიც კი არ გვიყვარს და სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, პატივსაც კი არ ვცემთ…

ტ.ხ. – ჩვენ ხომ მორწმუნენი არ ვართ… ბაგით ვართ მხოლოდ და შინაგანად?!. ღმერთი ჩაკეტილი გვყავს და არ ვუშვებთ ჩვენში შემოსასვლელად.

რაც შეეხება პატიებას… 2004 წელს, პატრიარქთან შეხვედრამ გადაწყვიტა ყველაფერი. ორმოცის წინა დღეს ითხოვა ჩემთან შეხვედრა და მკითხა – რას ვფიქრობდი, ან რა მქონდა განზრახული… მეც ვუპასუხე: – თქვენო უწმინდესობავ, რასაც ვფიქრობ, ალბათ, არ უნდა გაგიკვირდეთ-მეთქი…  ჩაფიქრებულმა მთხოვა, ჩემი შვილის შესახებ მეამბო, აღმეწერა. მის უწმინდესობასთან საუბარი თითქმის ორი საათი გაგრძელდა. მერე ხელი მომკიდა და მითხრა: – „თუ შენი შვილი ასეთი იყო, თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობა. ახლა, ის არის მამა…შენ ხარ შვილი…“ – ამ სიტყვებმა შემძრა…

შ.ლ. – პ.ს. (ძვირფასო მკითხველო, ამ სიტყვებმა მეც შემძრა… მაგრამ ემოციის გამოხატვისგან თავის შეკავება მოვახერხე, რათა ბატონი ტარიელისთვის, იმ წუთებში ხელი არ შემეშალა… მხოლოდ ერთი რეპლიკის გახმოვანება შევძელი – რა საინტერესო ახსნაა…

ტ.ხ. – დიახ! პატრიარქის ამ სიტყვებმა გამაოგნა… „ის არის მამა, შენ ხარ შვილი… შენ ხარ პასუხისმგებელი მასთან, ის წავიდა შენ მაგივრად, შენ ახლა მისია გაკისრია და ეს უნდა შეასრულო…“

მახსოვს, როდესაც პატრიარქთან მივდიოდი, მთელი სამყარო ზურგზე მაწვა. მაგრამ, როდესაც მისი უწმინდესობის ოთახიდან გამოვედი, საოცარი სილაღე ვიგრძენი. ახლაც მახსოვს კიბეზე ჩასვლისას, უცებ მივტრიალდი და ისევ კიბეზე ასვლა დავიწყე. მინდოდა, შემემოწმებინა, როგორ ავიდოდი,  იმ სიმაღლეზე, რამდენიმე საათის წინ ძლივს რომ გადავლახე… ჩემდა გასაკვირად, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი.

იმ დღიდან, ჩემი თავის ზრდა დავიწყე… ბექა, როცა ცოცხალი იყო, ვფიქრობდი, მე ისე უნდა მეცხოვრა, რომ ჩემს შვილს მამამისის არ შერცხვენოდა… ახლა, მე უნდა ჩავაბარო აღსარება ჩემს საფიცარ შვილს, იქ რომ მივალ…

 

შ.ლ. – ბატონო ტარიელ… ძალიან დიდ შთაბეჭდილებაში ვარ, უდიდეს ემოციაში…

ტ.ხ. – აღსარება უნდა ჩავაბარო ჩემს შვილს, თუ როგორ ვიცხოვრე მისი სიცოცხლის ხარჯზე… ოღონდ მიტევების უნარს ნუ წამართმევ, ღმერთო! სიყვარულის უნარს ნუ წამართმევ… სიცოცხლის წართმევაზე თანახმა ვარ!

                                       შენს მკერდზე,შვილო, ჩემს ცრემლებს სძინავს,

                                           ჰქრის და, ღრუბლები საფლავს ნამავენ,

                                         რა უსაშველოდ ცივია წვიმა –

                                                                      რა უსაშველოდ ცივი სამარე…

                                          შრიალებს ხშირი ვერხვების მწკრივი,

                                               ამოდის მთვარე,სრული ამჯერად,

                                               შვილო! შენში მე ვინახავ ტკივილს –

     ყველა ტკივილის გადასარჩენად…

                                                და ჰგოდებს გული, და კვნესის გული,

საფლავის ქვათა მტანჯავს გოდება,

                                                 საწუთროსფერით ვარ დანისლული –

      ეს თალხი ფერი არა მშორდება.

                                                 ვზივარ და ვუსმენ მშფოთვარ საფლავებს,

      აქ შიშველ ძვალთა ხმაური მესმის,

                                                 რას ვერჩი, შვილო, ან ქარს, ან მთვარეს,

           ან ეს წყეული რად მტანჯავს ლექსი.

                                                 თენდება…ქვებზე სისველე შეშრა,

                                                             შეწყდა წვიმა და, მთვარეც ჩავიდა,

                                                  მივდივარ, შვილო, ახლა ამ შეშლას

                                                                  აჰყევ და, აჰყვა ხმა საფლავიდან.

                                                  მივდივარ, შვილო! დამძიმდა ფრთები,

             სამაროვანებს მწუხართ ვტოვებ და

                                                   შეეცდებიან მრავალჯერ მთები

                   ჩემს მობრუნებას სიმარტოვიდან.

                                                   ზურგსუკან ცივი სისინებს ქარი,

              მხრებზე მებნევა ცრემლი საფლავთა,

     სულ მარტოდმარტო მივდივარ მგზავრი –

                                                      მგზავრი, რომელიც ფიქრში დამთავრდა…

შ.ლ. – … შევეცდები, ემოციები გვერდით, გადავდო, და, ისევ ინტერვიუ განვაგრძო… ოღონდ, ცოტა უცნაური კითხვით მოგმართავთ – ძნელია ადამიანი, კაცი, თავის თავს ჰგავდეს?

 ტ.ხ. – არ არის, შვილო, ძნელი. ადამიანს მიზანი უნდა ჰქონდეს, რომ როგორმე მის საკუთარ თავს დაემსგავსოს. ვცდილობ, პოეზიას დავემსგავსო, ლექსს.

მკითხველს რომ ლექსს სთავაზობ, შენ თავად უნდა ჰგავდე ამ ლექსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყალბი ხარ და მკითხველის გრძნობებზე თამაშობ. როგორც კი, პოეზიას შენს სამსახურში ჩააყენებ, უფალი მადლს გიწყვეტს და მიდიხარ ინერციით, მაგრამ თუ პოეზიას ემსახურები, უფალი სხვა სივრცეს გაძლევს!

შ.ლ. – მსოფლიოში უამრავი უმაღლესი საწავლებელი არსებობს. ოდნავი ნიჭის შემთხვევაშიც კი, ადამიანს შეუძლია ხელოვნების ნებისმიერი მიმართულება აირჩიოს და ამა თუ იმ დარგში პროფესიასაც კი დაეუფლოს. ასე ვთქვათ  – დიპლომირებული პროფესიონალი მხატვარი გახდეს, რეჟისორი, მსახიობი, მოცეკვავე, მუსიკოსი, ფოტოგრაფი და ა.შ. მწერლობა ერთადერთი განხრაა, რომელიც დიპლომს ვერ და არ გასცემს. არ არსებობს დედამიწაზე უნივერსიტეტი, რომელიც მისივე კურსდამთავრებულს, პოეტის დიპლომს მიანიჭებს… და მაინც, ვიკითხავ… თქვენი აზრით, როდის მოგენიჭათ პოეტის დიპლომი, ვის მიერ?

ტ.ხ. – შენ  რაც ჩამოთვალე და ვინც იგულისხმე, შესაბამისი განათლება ყველას სჭირდება. უზარმაზარი განათლება სჭირდება პროზაიკოსს, მაგრამ პოეტს არ სჭირდება.

 შ.ლ. – რა საინტერესო და მოულოდნელი მოსაზრებაა…

ტ.ხ. – პოეტს მაგიდა არ აქვს, მაგიდასთან მჯდარი პოეტის არ მწამს. შენ ლექსს წერ ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ მდგომარეობაში.

შ.ლ. – ამ მდგომარეობით ხშირად დაგიწერიათ ლექსი?

ტ.ხ. – მუდმივად, მუდმივად! იშვიათი შემთხვევაა, რომ საწერად მაგიდასთან დავჯდები ხოლმე. სულ მოძრაობაში ვარ, სანამ ლექსი არ დამთავრდება, სულ ვმოძრაობ. არის შემთხვევა, რომ ფიქრი გამიყოლებს და მივდივარ… სანამ ლექსი არ დამთავრდება, ვმოძრაობ…

შ.ლ. – შეიძლება ითქვას, რომ ლექსის წერის დროს მუდმივად დადიხართ თქვენივე კარ-მიდამოში?

ტ.ხ. – ეზოდან გავდივარ და როგორც ბედაურს, ისე მმართავს ლექსი.

გონებაში წერის დროს, ხმამაღლა ვკითხულობ სტრიქონებს, ლექსს, ყველაფერი უნდა შევამოწმო! პოეტმა ხალხის სიყვარულით არ უნდა ისარგებლოს. მე რომ ტარიელ ხარხელაური ვარ და ხალხი ყველაფერს მაპატიებს, ამით არ უნდა ვისარგებლო. პოეტს უხარისხოდ, ყველაფრის დაწერის უფლება არ აქვს, არა! წისქვილში რომ სიმინდს ჩაყრი, ჯერ მსხვილი ჩამოდის და ამ მსხვილის ჩამოსვლას უნდა დაელოდო, ეს ღერღილი უნდა მოშორდეს და როცა წმინდა ჩამოვა, მხოლოდ ის წმინდა უნდა გადაიტანო ფურცელზე.

შ.ლ. – ძალიან დიდი ყურადღებით გისმენთ და თქვენ სიტყვა „ხარისხი“ ახსენეთ. დღეს ბევრ ადამიანს აქვს პრეტენზია პოეტობაზე, მწერლობაზე. როგორ უნდა გაარჩიოს საზოგადოებამ ფსევდო და ნამდვილი პოეტი ერთმანეთისგან?

ტ.ხ. – „ახლა როცა ამ სტრიქონ სვწერ, შუაღამე იწვის, დნება“ – უკვე იცი, რომ  ეს პოეზიაა… „კლდის თავზე თეთრო ყვავილო, სანთელო ქარაფებისა“ –  იცი, რომ პოეზიაა… „არაგვის ხეობაზედა ერთი ყვავილი ჰყვავისო, იმას ხელ არავინ ახლას, თავის პატრონი ჰყავისო“ – იცი, რომ პოეზიაა… „მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ, ჩემი მერანი“ – ამას წერს 22 წლის ბიჭი… მერე ვაჟასთან მიდიხარ, აკაკისთან, გურამიშვილთან მიდიხარ…

ყაყაჩოებისთვის, ხომ გიყურებია? ნიავი, რომ დაუბერავს, დავარცხნის… პოეზია ესაა, მაგრამ რიყეზე, რომ მდინარე ადიდდება და ლოდების ხმა გესმის, ეს უკვე სხვა რამეა…

შ.ლ.  – ბატონო ტარიელ! თქვენ უფროსი თაობის ადამიანი ბრძანდებით და ძალიან კარგად  გემახსოვრებათ – სიტყვა – ინტელიგენცია, რომელიც ზოგიერთისთვის ნაწილობრივ სალანძღავ და სამარცხვინო ტერმინადაც  კი გადაიქცა. თქვენი შეფასებით, არსებობს დღეს ეს ინტელიგენცია, რომელიც ერს გაუძღვება წინ, სულიერებას შესძენს, ჭკუას დაარიგებს, ანუგეშებს… თუ ეს ინტელიგენცია ჩაანაცვლა რაღაც ჯგუფმა, კასტამ, რომელმაც სხვა დატვირთვა მიიღო?..

ტ.ხ. – ინტელიგენცია ხალხს ესაუბრება, ის მებრძოლი არაა და იარაღით, ლანძღვა-გინებით არ გამოვა. დღეს არსებობს ინტელიგენცია, როგორ არა!.. მაგრამ ისინი… ვინც თქვენ მეორე ნაწილში იგულისხმეთ, აღმატებულები არიან, რადგან ხმაურობენ… თუმცა, ეს გაივლის, აუცილებლად დამთავრდება, მოვა ამის დრო, მაგრამ დღეს რომ ილიას მოკვლა გვინდოდეს,  მკვლელის ძებნა არ გაგვიჭირდებოდა… ჯვრის მონასტრიდან წიწამურამდე, ყველა ბუჩქის ძირში, ჩვენდა სავალალოდ, ილიას მკვლელი იჯდებოდა…

შ.ლ. – პატრიოტიზმზეც გკითხავთ. უახლეს ისტორიას გავიხსენებ და ვიტყვი, რომ 1991 წლიდან კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და თავისუფალ საქართველოს ვაშენებთ. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ-მეთქი,  ვთქვი, თუმცა, რა ხარისხით და რის ფასად, ეს კიდევ სხვა საკითხია…

დღეს ყველა პატრიოტია… მაგრამ არსებულ მოცემულობას თუ გადავხედავთ, მოჯადოებული წრიდან ვერა და ვერ გამოვედით… პოლიტიკური პოლარიზება მატულობს… რა გვაქვს ერთმანეთთან გასაყოფი, არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ ამ გაყოფისას… დავიყავით… და, ვერა და ვერ გავერთიანდით…

თქვენ პოლიტიკურ მეცნიერებაში არანაირი ხარისხი არ გაგაჩნიათ, რომ რაიმე ანალიტიკური ნაშრომის წარდგენა გთხოვო., უბრალოდ, მაინტერესებს თქვენი შეხედულება, რა ხდება ჩვენს თავს?

ტ.ხ. – სახელმწიფოებრივად ერს არ უაზროვნია… მუდმივად სხვა ფიქრობს ჩვენ მაგივრად, ჩვენ, მხოლოდ შემსრულებლები ვიყავით და ვართ….

შ.ლ. – რატომ მოხდა ასე, სახელმწიფოებრივად ფიქრის დრო აღარ დაგვრჩა, თუ ეს დრო საკმარისზე მეტი გვაქვს, მაგრამ ფიქრი გვეზარება?..

ტ.ხ. – დეკლარირებული გვაქვს თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც, მაგრამ არც ერთი გვაქვს და არც მეორე… დამოუკიდებლობა რომ იცოდე, მისი შინაარსის ცოდნა და გააზრებაა საჭირო! ჩვენს ხალხს უზარმაზარი გონება და ნიჭი აქვს, უდიდესი ინტელექტი. გადავხედოთ, აბა… ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში, კაცი რაზე საუბრობს: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. კაცობრიობა  კი მე-20 საუკუნეში მივიდა ამ აზრამდე…

შოთამ რაც საუკუნეების წინ თქვა, კაცობრიობა ამას დღეს ამბობს… ამბობს, რომ ქალსა და მამაკაცს ერთი და იგივე უფლებები აქვთ… აბა, ეს სიტყვებიც გავიხსენოთ: „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები“…

შ.ლ. – არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს, არსებობს გამოსავალი?

ტ.ხ. – არსებობს! ილიას სურათი კი არ უნდა ჩამოვკიდოთ ოთახში, ილია გულში უნდა გვყავდეს, ილიათი უნდა ვიცხოვროთ! ილია ქართველი კაცის გენეტიკური კოდია.

შ.ლ. – პოეტთან ვარ, სტუმრად… თუმცა, თქვენივე სიტყვას თუ მოვიშველიებ, მთლად სტუმარიც აღარ გამოვდივარ და ახლა, თქვენი განკურნებით ვარ დაკავებული… არაერთ თემას შევეხეთ, უფლება არ მაქვს,  სიყვარულზეც არ გკითხოთ რაიმე. შეიძლება, ბანალური, გაცვეთილი შეკითხვაა,  მაგრამ დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს პასუხს კითხვაზე – რა არის სიყვარული, როგორია ეს გრძნობა, რით განსხვავდება სიყვარული – გატაცებისგან?

 ტ.ხ. – თუ ვინმეს გაუჩნდება იმის პრეტენზია, რომ აგიხსნას რა არის სამშობლო, რა არის სიყვარული? – გატყუებს!..

რაც შეეხება საპირისპირო სქესთან ურთიერთობას… ჩემთვის არასდროს ყოფილა მანდილოსანი ვნების მსახურად. ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ის შენი თანამეცხედრეა… რატომ გაჩნდა ქალი? იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაკეთილშობილოს, მგლის პრინციპიდან გამოგვიყვანოს, სისხლის ძიებიდან გამოგვიყვანოს, შურისძიება გაგვინეიტრალოს. მამაკაცს არ უნდა ეგონოს, რომ მისი ნაუბარია მხოლოდ ჭეშმარიტება.

შ.ლ. – ჩვენი ინტერვიუს მეშვეობით თქვენს მეუღლეს ლექსს წაუკითხავთ?

ტ.ხ. – თუკი რამ ლირიკული ლექსი დაუწერია ჩემს კალამს, ეს ჩემს მეუღლეს ეკუთვნის, ქალს, რომელმაც მხოლოდ პოეზიისთვის დამტოვა. ეს ლექსი რომ დაიწერა, ვიყავი 65 წლის, დღეს ვარ 78 წლის… ჩემი მეუღლე ისევე მიყვარს, როგორც 45 წლის წინ მიყვარდა!..

ამ ლექსს წავუკითხავ:

                                                 მანძილი შენამდე დიდია,

                                                         შენიდან ჩემამდე – არც ისე

                                                 ამინდი საგრძნობლად მშვიდია,

                                                             მ ა ნ ც ვ ი ფ რ ე ბ…

                                                  ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,

                                                      ქარია – მომიტანს რამე ჭორს,

                                                  მე ვამბობ, არ მომენატრები,

                                                   შენ  სდუმხარ, იღიმი საეჭვოდ…

                                                   ვარსკვლავნი აენთნენ,

                                                   რომ ვხედავ, შორი-შორს საკმაოდ,

                                                   მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ –

                                                   ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც.

                                                   მუდმივად რაღაცა მაწამებს

                                                      და ჩემში მუდმივად ბინდია,

                                                      და მაინც მიზიდავს წამწამებს

                                                      მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.

                                                      შორს, სადღაც ჰყვავიან ატმები,

                                                          ქარია – მომიტანს რამე ჭორს,

                                                       მე ვამბობ, არ მომენატრები,

                                                       შენ სდუმხარ, იცინი საეჭვოდ…

შ.ლ. – ახლა, ჩემგან რაიმე კომენტარი ზედმეტია…

ამასობაში ჩვენი ინტერვიუც დასასრულს მიუახლოვდა, დიდი დრო წაგართვით… მაინც დანაშაულის გრძნობა მაქვს, რომ მოგაცდინეთ…

ტ.ხ. – არა, არა! სამკურნალო ვიყავი დღეს…

შ.ლ. – პ.ს. (რა დასანანია, რომ ახლა, ბატონი ტარიელის კეთილშობილ ღიმილს მკითხველი ვერ ხედავს… – ჩემთვის გავიფიქრე და გენიალურ პოეტთან საუბარი განვაგრძე)-  უდიდესი მადლობა საუბრისთვის. ვინც წაიკითხავს ამ პუბლიკაციას, ვფიქრობ, უზარმაზარი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოჩნდება. თქვენ, საზოგადოების წინაშე, ცნობადობა არ გაკლიათ, მაგრამ ასე მგონია, დღევანდელი ჩვენი აუდიტორია კიდევ ერთხელ, მეტად გაგიცნობთ და აღმოგაჩენთ…

ვიდრე ერთმანეთს დავემშვიდობებით, ერთი უწყინარი თხოვნითაც მოგმართავთ – უდიდესი სურვილი მაქვს, რამდენიმე ლექსი, თქვენივე გახმოვანებით ჩვენს არქივში შემოვინახო. შემისრულებთ თხოვნას და წამიკითხავთ თუნდაც ერთ ლექსს?

ტ.ხ. – სულ ახალ ლექსებს წაგიკითხავთ, ერთი კვირის წინ დავწერე…

                                                    ამჟამად შენი წლები მაღონებს,

                                                     ამჟამად შენი ზამთარი მტკივა,

                                                     აღემატება დღეს ჩემს ძალ-ღონეს

   ძარღვებში სისხლად ჩამდნარი ტყვია.

                                                    გავყურებ სივრცეს – როგორ ივსება

შავი მტვრითა და შავი ღრუბლებით,

დამრთეს მთებმა და დამრთეს ნისლებმა

ნება ტკივილთან გასაუბრების.

                                                    ვიცი, ძვირფასო, გეუცხოება,

ჩემს სტრიქონებში ბოდვა ამგვარი,

  პოეტს ყოველთვის უმძიმს ცხოვრება,

იქ, სადაც ძალას ჰკარგავს ხანძარი.

————-

                                მომიახლოვდი, აღარა აქვს ყეფას ზაფრა

და ეს ცხელი დღე ჩემს ძარღვებში სისხლს ვეღარ ალღობს,

დღეს ჩემზე უძლურს, ჩემზე დაღლილს კაცს ვეღარ ნახავ,

აღარც შენ უნდა გეშინოდეს ჩემი ხმის, ძაღლო.

მე მაშინ ვცოდე, მგლისგან დაღრღნილს როცა გტოვებდი,

გამიტყუეს და ავედევნე ქარების როკვას,

მოდი, კისერზე შემომხვიე ბრტყელი ტორები

და ერთმანეთის ცრემლიანი თვალები ვლოკოთ.

მომიახლოვდი მეგობარო და დამდე ბრალი,

რომ გიღალატე, რომ გაგექეც ერთგულს ყველაზე,

მე თბილ ბუხართან ძვლებს ვითბობდი თებერვლის ღამით,

შენ კი სიცივით კანკალებდი ნაბდისძველაზე.

                                    ერგულებისთვის, მეგობარო, მადლობას გიხდი

და ყველაფერზე, ყველაფრისთვის დიდი ბოდიში,

                                   გთხოვ, მომიტევო, მაპატიო, რომ გვიან მივხვდი,

რომ მაინც მივხვდი, ამაზედაც დიდი ბოდიში.

შ.ლ. – ბატონო ტარიელ! უდიდესი მადლობა ამ დაუვიწყარი ემოციისთვის. ახლა კი მართლა დაგემშვიდობებით…

ტ.ხ. – შალვა, შვილო, როცა გინდა, ჩამოდი ხოლმე, შენთვის ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება…

სპეციალურად “კვირასთვის” ინტერვიუ მოამზადა შალვა ლონდარიძემ. სარედაქციო თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები