ნატოს სევასტოპოლში ბაზების განთავსების გეგმები არ გააჩნია
ნატომ უარყო ვლადიმერ პუტინის სიტყვები იმის შესახებ, რომ ალიანსი სევასტოპოლში ბაზების განთავსებას აპირებს. პუტინი ყირიმის ანექსიის არგუმენტირებას აპირებდა, თუმცა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, ალიანსი სევასტოპოლთან ბაზების განთავსებას არ აპირებდა. „თქვენი (რუსული) საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ნატოს რაღაც გეგმა ჰქონდა სევასტოპოლის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით და სწორედ ამასთანაა დაკავშირებული რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინაში განთავსებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას და გეგმები სევასტოპოლთან დაკავშირებით არასდროს გვქონია“, – განაცხადა ვიდეოხიდის ბრიუსელი-მოსკოვის დროს ვერშბოუმ. მან აღნიშნა, რომ ნატო სხვა ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანებისკენ არ უბიძგებს და ეს უკრაინასაც ეხება, თუმცა ბევრმა ქვეყანამ „თვითონ დააკაკუნა ალიანსის კარზე“.