შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კასპიის ბიზნეს ფორუმზე განიხილეს

„საქართველო აფართოებს თავის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლს არა მხოლოდ ნახშირწყალბადების ტრანზიტის მიმართულებით, არამედ ელექტროენერგიის გადაცემის კუთხითაც. კერძოდ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდეს ევროპულ ენერგოსისტემებს დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა კასპიის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას, რომელიც აშშ – ში, ქალაქ ნიუ-იორკში გაიმართა.

მან მონაწილეობა მიიღო ფორუმის პანელზე, რომელზეც შუა დერეფნის მეშვეობით კასპიის რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის საკითხები განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

„საქართველო საიმედო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა. მისი მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია მომავალში. ქვეყანა სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უწყვეტი და უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველყოფის ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციით,” – აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

თავის გამოსვლაში, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა უკვე არსებულ სატრანზიტო მიმართულებებზე, მათ შორის, სამხრეთის გაზის დერეფანზე, რომლის გაფართოება მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა ევროკავშირისთვის, რათა გაიზარდოს გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია და ენერგომომარაგების მთლიანი უსაფრთხოება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიიდან ნავთობის სატრანზიტო ნაკადების შუა დერეფანში მოზიდვის შესაძლებლობებზე. ფორუმის მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობამ.

„ეს არის ფლაგმანი პროექტი რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული დაკავშირებულობის გაძლიერებას. საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი კაბელი საშუალებას მისცემს საქართველოში და მთლიანად რეგიონში წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპულ ბაზრებზე გატანას. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის. მას აქვს დიდი პოტენციალი, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში,” – აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ბაზრის გაფართოება ევროპისკენ წაახალისებს ინვესტიციებს წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურაში, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში და ამით ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები