„გორგია” საქართველოს ბაზარზე ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანიაა”
ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანია „გორგიას“ მომსახურეობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, აღნიშნული კომპანია საქართველოში ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანიაა. „გორგიას“ უპასუხისმგებლო საქციელის მსხვერპლი, როგორც ჩანს, სხვა მომხმარებლებიც აღმოჩნდნენ. სოციალურ ქსელში ჟურნალისტს ერთ-ერთი მეგობარი გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ „გორგიას“ რეკლამის მსხვერპლი აღმოჩნდა.
“გორგია” არის ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანია, რაც კი მინახავს საქართველოში. აპრილში შევუკვეთეთ აბაზანა (ლუქს განყოფილებაში). თვენახევრის შემდეგ ჩამოგვივიდა არა იმ კუთხის, რომელიც შევუკვეთეთ, არამედ საპირისპირო. გავბრაზდით, მოვისმინეთ ბოდიშები, მაგრამ ნუ კაი, ხდება ხოლმე. შევუკვეთეთ თავიდან. ამ დროს რემონტი უკვე დამთავრებულია და მხოლოდ აბაზანის დამონტაჟებაა საჭირო. ველოდეთ ჩვენს შეკვეთას, ამჯერად სამი თვე. ჩამოვიდა. ამოათრიეს მეთხუთმეტე სართულზე. გავხსენით – ისევ არასწორი კუთხეა – ანუ რაც წინა ჯერზე მოხდა, ზუსტად იგივე. გაბრაზებულები ვრეკავთ მენეჯერთან. არ პასუხობს. ვწერთ (ჩემი ქმარი წერს) მესიჯს, რომ ასეთი საქციელით პრობლემას უფრო ამწვავებს. და რა ხდება? რეკავს მენეჯერის ქმარი (ასე წარგვიდგინა საკუთარი თავი) და იწყებს გაღიზიანებული ტონით საუბარს ჩემს ქმართან – „გორგიას“ კლიენტთან: იმედია სამსახურის თემაზე რეკავთ, რა ვიცი, ხომ არ შევხვდეთ და ა.შ. ასე ტელეფონით გაგვირჩია საქმე „გორგიას“ მენეჯერის მეუღლემ და ე.წ სტრელი დაუნიშნა ჩემს ქმარს. რამდენიმე წუთში ისევ დაეკონტაქტნენ ერთმანეთს, და ბოლოს, მაინც ტელეფონით შეიგნო იმ ადამიანმა, რომ ჩვენ დავზარალდით და მართლა სამსახურებრივ საქმეზე ვრეკავდით, მაგრამ ეს რა სერვისია, ვინმემ იცის? ქმრის ჩართვის და „კაჩაობის“ სერვისი აქვთ ხოლმე სერიოზულ კომპანიაში? ჰიპერმარკეტია ბოლო ბოლო. კუთხის მაღაზია ხომ არ არის, სადაც ნისია მაქვს აღებული და საქმე უნდა გამირჩიონ?!“, – წერს ნათია ორველაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
“გორგიას“ მიმართ პრეტენზიას ასევე გამოთქვამს ჟურნალისტი დიმიტრი ტიკარაძე, რომელიც სოციალურ ქსელში “გორგიას“ მიერ დამონტაჟებული დეფექტური კარის ფოტოებს აქვეყნებს.
“გორგიას” მიერ მოტანილი და დამონტაჟებული კარის ფოტოები. როცა გაიგეს, რომ ეს გადაბმები, დეფექტები და სოლის შეყენებები არ მომწონდა, გაკვირვებულებმა მკითხეს – რას ხედავთ აქ პრობლემასო… თქვენ ხედავთ?“ – წერს დიმიტრი ტიკარაძე.