WSJ: ჩინეთის ყოფილი საგარეო მინისტრი აშშ-ში ქორწინების გარეშე კავშირისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

​ჩინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ჩინ განი თანამდებობიდან აშშ-ში უკანონო კავშირისთვის გაათავისუფლეს.

ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის თანახმად, რომელიც ინფორმირებულ წყაროებს ეყრდნობა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შესაბამისი ორგანოების მიერ ჩატარებულმა შიდა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ჩინ განს, ჯერ კიდევ შეერთებულ შტატებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას, ქორწინების გარეშე ურთიერთობა ჰქონია და მამაც კი გამხდარა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების შედეგების შესახებ უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის, მინისტრებს და პროვინციების ხელმძღვანელებს ჯერ კიდევ აგვისტოში ეცნობა.

ქალის ვინაობა არ საჯაროვდება. თუმცა, აღნიშნულია, რომ გამოძიება გრძელდება. გამომძიებლები ამჟამად სწავლობენ, დააზარალა თუ არა ყოფილი მინისტრის კავშირმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.

ჩინ განი საინფორმაციო სივრციდან ივნისის ბოლოს გაუჩინარდა. ამის გამო მისი არაერთი კოლეგა, მათ შორის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჯეიმს კლევერლი იძულებული გახდა, გაეუქმებინა ან გადაედო პეკინში ოფიციალური ვიზიტები.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყების ხელმძღვანელის არყოფნას ან ჯანმრთელობის პრობლემებით ხსნიდა, ან დუმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები