ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი, რვა არჩევნები წააგეს, მეცხრესაც აუცილებლად წააგებენ
მაგალითად ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პირდაპირ ამბობდა, რომ წლის ბოლოს ვერ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს და ეს უნდა გამოვიყენოთ რევოლუციისთვისო. ზოგადად, ეს სიტყვა მათ მუდმივად პირზე აკერიათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შემაშფოთებელია ფორმები, რომლითაც რადიკალები არეულობას გეგმავენ.
„აქ კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი ფორმებია, რომლებზეც იყო საუბარი სუსის განცხადებაში. საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, იარაღის გამოყენებაზე, ადამიანების მკვლელობაზე, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასეთი პროვოკაციები უნდა აღიკვეთოს, თორემ რევოლუციური გეგმები რომ აქვთ ამ ადამიანებს, ყველასთვის ცნობილია. მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი. იციან რომ განწირული არიან შემდეგ არჩევნებშიც. რვა არჩევნები წააგეს, მეცხრესაც აუცილებლად წააგებენ, მაგრამ რეალურად მათი მიზნები სწორედ ესაა, პროვოკაციები, არეულობა, რადგან სხვა მიმართულებით მათ შანსი უბრალოდ არ აქვთ“, – აღნიშნა კობახიძემ.