ირაკლი კობახიძე: გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე – საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს
ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად მოლაპარაკებები შედგა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის ჯოზეფ ბორელთან, ასევე ევროკომისიის სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს.
„ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა, აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად მოვუწოდებთ ევროკომისიას თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იყო გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარებისა თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.