იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ” კანონპროექტი განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ” კანონპროექტი განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც იმოქმედებს სამთავრობო, დარგობრივ და მუნიციპალურ დონეზე და ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების გამოყენების ოპტიმალურ დაგეგმვასა და პროცესების ეფექტიან მართვას, ასევე საჯარო დაწესებულებებში სტანდარტიზებულ, სისტემატიზებულ, უტყუარ და აქტუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების ხარისხის ამაღლებასა და ელექტრონული მმართველობის განვითარებას.
კანონპროექტი აწესრიგებს ყველა იმ პროცესსა და ურთიერთობას, რომლებიც წარმოიშობა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარებისა და გამოყენების პროცესში. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში სივრცითი მონაცემების რესურსების გამოქვეყნების, გაცვლისა და მათზე თავისუფალი წვდომის უზრუნველსაყოფად ეროვნული გეოპორტალის შექმნას, რომელიც არის ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოფიციალური ვებპორტალი.
მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ასახვას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობას და შესაბამისი ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრას.
„კანონის მიღების შემდეგ, ჩვენ მზად ვიქნებით შევიდეთ ევროკავშირის ქვეყნების სივრცითი ინფორმაციის ერთიან სტრუქტურაში. კანონის მიღება, ასევე, ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას “, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
კანონპროექტის ავტორია იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.